
რუსეთმა და ჩინეთმა მტკიცედ უნდა უარყონ დასავლეთის ჩარევა და დაიცვან ერთმანეთის უსაფრთხოების ინტერესები. სწორედ ამაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტები ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ონლაინ შეხვედრის დროს.
ორი ქვეყნის ლიდერს შორის მოლაპარაკებამ, რვა დღის შემდეგ, რაც პუტინი მსგავს ფორმატში ესაუბრა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ხაზს უსვამს, თუ როგორ აახლოებს დასავლეთის მიმართ მტრობა მოსკოვსა და პეკინს.
“გარკვეული საერთაშორისო ძალები, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საბაბით, ერევიან ჩინეთისა და რუსეთის საშინაო საქმეებში და სასტიკად არღვევენ საერთაშორისო სამართალს და საერთაშორისო ურთიერთობების საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს. ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააძლიერონ ერთობლივი ძალისხმევა ორივე მხარის უსაფრთხოების ინტერესების უკეთ დასაცავად”,- ნათქვამია ჩინეთის სახელმწიფო უწყების განცხადებაში.
კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სი ძინპინმა პუტინს შესთავაზა მხარდაჭერა დასავლეთისგან რუსეთისთვის უსაფრთხოების სავალდებულო გარანტიების მოპოვებაში.
ორი ქვეყნის ლიდერმა ასევე დააფიქსირა “ნეგატიური შეხედულებები” ახალი სამხედრო ალიანსების გაფორმებასთან დაკავშირებით, როგორიცაა AUKUS პარტნიორობა ავსტრალიას, ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შორის და ავსტრალიის, ინდოეთის, იაპონიისა და შეერთებული შტატების ინდო-წყნარი ოკეანის ოთხეულს შორის.
“ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბდა თანამშრომლობის ახალი მოდელი, რომელიც დაფუძნებულია, სხვა საკითხებთან ერთად, ისეთ პრინციპებზე, როგორიცაა შიდა საქმეებში ჩაურევლობა და ერთმანეთის ინტერესების პატივისცემა”,- განუცხადა პუტინმა სი ძინპინს.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდება ჩინეთის ლიდერთან შეხვედრას პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე.