ევროკავშირის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ ხორვატია მზადაა შეუერთდეს შენგენის ზონას.
"ხორვატია მზადაა", - განაცხადა ევროკომისარმა საშინაო საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონმა გუშინ პრესკონფერენციაზე ბლოკის შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ.
ექსპერტები ამ მიღწევას ხორვატიის მომზადებით ხსნიან. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, ზაგრებმა ევროკავშირი დაარწმუნა, რომ შეუძლია შენგენის ზონაში მიგრანტების არალეგალური მიგრაცია შეაჩეროს.
ხორვატია ევროკავშირის წევრი 2013 წელს გახდა. 2019 წლის ოქტომბერში ევროკომისიამ მისი შენგენის ზონაში შესვლის რეკომენდაცია გასცა.
ჯერჯერობით უცნობია როდიდან შეუერთდება ხორვატია შენგენის ზონას, რომელიც ევროკავშირის უდიდეს მიღწევად მიიჩნევა.
შენგენის ზონას 26 წევრი ჰყავს, მათ შორის არიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები: შვეიცარია და ნორვეგია.