
„საპარტნიორო ფონდს“ სახელი შეეცვლება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რებრენდინგის შემდეგ ფონდის ახალი სახელი „საქართველოს განვითარების ფონდი“ იქნება.
მისი განმარტებით, იცვლება ფონდის მენეჯმენტის სტრუქტურა და უწყებაში იქნება დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო.
„საპარტნიორო ფონდთან" ერთად დიდი ხანია ამ მნიშვნელოვანი ჰოლდინგის რეფორმის სხვადასხვა მიმართულებაზე ვმუშაობთ. უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომელიც სულ მალე წარედგინება მთავრობას და შემდეგ უკვე პარლამენტს, დასამტკიცებლად.
ქვეყანაში საკმაოდ მასშტაბური სახელმწიფო საწარმოების რეფორმა მიმდინარეობს. ეს პირველ რიგში საპარტნიორო ფონდს შეეხება. შეიცვლება მენეჯმენტის სტრუქტურა. იქნება დამოუკიდებელი, პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო. დღემდე სამეთვალყურეო საბჭოში უშუალოდ მთავრობის წევრები იყვნენ, რაც პირდაპირ გეტყვით, თანამედროვე რეალობას არ შეესაბამება“,- აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის განმარტებით, "საპარტნიორო ფონდის" მენეჯმენტს დაევალება, ფონდის ფინანსური აუდიტისა და რესტრუქტურიზაციის გეგმის მომზადება.
„ფონდი ფინანსურად უფრო ძლიერი, თვითკმარი და მდგრადი უნდა იყოს. სხვადასხვა პრობლემური აქტივებისგან განთავისუფლებისა და მათი განკარგვის გეგმაც დაიდება. აქედან გამომდინარე, მოხდება ამ სტრუქტურის სრული განახლება და რეფორმირება“,- განაცხადა ნათია თურნავამ.
რაც შეეხება ფონდის დაფინანსებას, მინისტრის განცხადებით, დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება „საპარტნიორო ფონდის“ ფინანსური რესტრუქტურიზაციის გეგმის დასრულების შემდეგ იქმნება მიღებული და ბიუჯეტიდან დაფინანსების საკითხი გადაწყვეტილი არაა.
ცნობისთვის, "საპარტნიორო ფონდის" დირექტორი, დავით საგანელიძე ფონდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების წინააღმდეგია. საგანელიძის თქმით, ფონდის რეფორმას თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან ელოდება.