LIVE

მოლდოვა რუსული Gazprom-ის დავალიანებას დაფარავს - პასუხი მუქარაზე

24 ნოე 202112:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 615
მოლდოვა რუსული Gazprom-ის დავალიანებას დაფარავს - პასუხი მუქარაზე

მოლდოვა გაზის მიწოდების შეწყვეტის მუქარის შემდეგ, Gazprom-ის ვალს დაფარავს. განცხადება ქვეყნის ვიცე-პრემიერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც Gazprom-ი 48 საათის განმავლობაში გაზის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა.

ანდრეი სპინუმ განაცხადა, რომ მოლდოვა “შეასრულებს ვალდებულებებს” და $65,8 მილიონის ოდენობის დავალიანებას გადაიხდის. ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას და მისი ვალი მკვეთრად ოქტომბერში, ფასების უეცარი ზრდის გამო გაიზარდა.

მოლდოვამ და Gazprom-მა კონტრაქტს ხელი ოქტომბრის ბოლოს, რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ მოაწერეს. Gazprom-ის სპიკერმა, სერგეი კუპრიანოვმა განაცხადა, რომ კომპანია დათანხმდა ხელშეკრულების გაფორმებას იმ პირობით, რომ მოლდოვა გადასახადებს სრულად და დროულად გადაიხდიდა.

ურთიერთობა დაიძაბა ოქტომბერში, ფასების ზრდის შემდეგ, როდესაც კონტრაქტი ერთი თვით გაგრძელდა, რაც მოლდოვის მთავრობამ “გაუმართლებლად და არარეალურად” მიიჩნია. 

გაზის დეფიციტის საფრთხის გამო მოლდოვამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რამაც საშუალება მისცა, 1991 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ პირველად ეყიდა გაზი პოლონეთიდან.

ზოგიერთი დასავლური ქვეყანა რუსეთს ბუნებრივი აირის გეოპოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს. ექსპერტების შეფასებით, ფასების ზრდით მოსკოვმა კიშინოვი 2020 წელს პროევროპელი პრეზიდენტის, მაია სანდუს არჩევის გამო დასაჯა. თუმცა, კრემლი ტრადიციულად უარყოფს პოლიტიკური ზეწოლის განხორციელებას.