იტალიის ჩრდილოეთ რეგიონი ლომბარდია გერმანიას COVID-19-ის მეოთხე ტალღასთან ბრძოლის ფონზე და პაციენტებისთვის საჭირო ინტენსიური თერაპიის საწოლებით დახმარებას სთავაზობს.
ინფიცირების მაჩვენებლის მკვეთრი ზრდის გამო გერმანიის საავადმყოფოები სერიოზული პრობლემების წინაშე დგანან და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები კოლაფსის პირას არიან.
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის, იენს სპანის თქმით, ვირუსის მეოთხე ტალღამ გერმანია, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა, საგანგებო სიტუაციაში ჩააგდო და მხოლოდ ვაქცინაცია არ გამოიწვევს გავრცელების შემცირებას.
გერმანიაში Covid-19-ის გავრცელების მასშტაბი იმდენად იდიდა, რომ არ არის გამორიცხული მორიგი ლოქდაუნი, მათ შორის ვაქცინირებული ადამიანებისთვის.
“გვახსოვს გერმანიის დახმარება 2020 წლის გაზაფხულზე. მიმაჩნია, რომ მიზანშეწონილია და ჩვენი მოვალეობაა, შევთავაზოთ გერმანიას შესაძლებლობა, მიიღოს პაციენტები ჩვენს საავადმყოფოებში”, - განაცხადა ლომბრადიის ვიცე-პრეზიდენტმა, ლეტიცია მორატიმ და რეგიონის სოციალური უზრუნველყოფის გენერალურ დირექტორატს ამ მიმართულებით ზომების მიღება დაავალა.
რეგიონალური ჯანდაცვის სერვისების ეროვნული სააგენტოს ცნობით, პარასკევს ლომბარდიაში ინტენსიური თერაპიის საწოლების მხოლოდ 4% იყო დაკავებული, ხოლო ქვეყანაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში დატვირთვის მაჩვენებელი 6% იყო. სამხრეთ ტიროლის პროვინციამ გასულ კვირას ორი პაციენტი ბავარიის ფრეისინგიდან მიიღო.
Covid-19-ის პირველი ტალღის დროს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებები ჩრდილოეთ იტალიაში, განსაკუთრებით ლომბარდიის ქალაქ ბერგამოში, უკიდურესად გადატვირთული იყო. ქალაქიდან სამხედრო მანქანებით გატანილი გარდაცვლილი პაციენტების ფოტოები მთელ მსოფლიოში გავრცელდა. იმ დროს გერმანიაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 44 იტალიელი პაციენტი იყო მოთავსებული.