LIVE

SpaceX-ი Starship-ის ორბიტალურ ფრენაზე გაშვებას 2022 წლის დასაწყისში გეგმავს

19 ნოე 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 843
SpaceX-ი Starship-ის ორბიტალურ ფრენაზე გაშვებას 2022 წლის დასაწყისში გეგმავს

SpaceX-ის Starship რაკეტა პირველ ორბიტალურ გამოცდას მომავალი წლის დასაწყისში გაივლის. მასკის თქმით, კომპანია 2022 წელს ათზე მეტ გაშვებას გეგმავს.

დედამიწის ორბიტაზე პირველი ფრენის წარმატების შანსი შედარებით დაბალია. ამის შესახებ მასკმა ოთხშაბათს "მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის" (National Academy of Sciences) წევრებთან ვირტუალურ სესიაზე განაცხადა. მისი თქმით, კომპანია Starship-ს სატესტო ფრენაზე იანვარში ან თებერვალში გაუშვებს.

„ეს არის ყველაზე დიდი რაკეტა, რომელიც ოდესმე შექმნილა. ჩვენ ახლოს ვართ ორბიტალურ გაშვებასთან“,- განაცხადა მასკმა.

მისი თქმით, უჟანგავი ფოლადის რაკეტა და Super Heavy-ის გამაძლიერებელი ხელახლა გამოყენებადია. Starship-ი 100 ტონამდე ტვირთისა და ადამიანების ორბიტაზე გადასაყვანად არის შექმნილი და მასზე წინა მოდელის ღირებულების მხოლოდ ნაწილი დაიჯდა.

Space Exploration Technologies სატრანსპორტო საშუალების შეცვლილი ვერსიის გამოყენებას 2025 წელს ან უფრო გვიან NASA-ს ასტრონავტების მთვარეზე გადასაყვანად გეგმავს. კომპანია ასევე აპირებს ასობით ტონა ტვირთის და ხალხის მარსზე გადაყვანას, რაც მასკის გეგმას, პლანეტაზე დასახლებული ქალაქის აშენების შესახებ, განვითარებაში დაეხმარება.

SpaceX-ის მულტიმილიარდერი დამფუძნებელი აცხადებს, რომ იმ რისკების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დედამიწა დგას, კაცობრიობას მეორე პლანეტა სჭირდება. ასეთ რისკებს შორისაა ბირთვული იარაღი, დიდი კომეტები, პანდემიები, შობადობის შემცირება, ხელოვნური ინტელექტი და რელიგიური ექსტრემიზმი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ ბახმენი