იმ ფონზე, როცა Covid-19-მა კვლავ იფეთქა მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები აღარ აპირებენ შეღავათები გაუწიონ იმ ადამიანებს, რომლებიც აცრაზე უარს აცხადებენ.
ევროპის უმეტეს ნაწილში იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს აცრის დამადასტურებელი მწვანე საშვი, ეკრძალებათ რესტორნებსა და ბარებში შესვლა, რაც ზოგჯერ კონფლიქტების პროვოცირებას იწვევს. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გამოსცა რეგულაცია, რომელიც აიძულებს დიდ კერძო დამსაქმებლებს, მოითხოვონ თანამშრომლებისაგან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ან რეგულარული ტესტირება.
მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ საავადმყოფოები დიდი წნეხის ქვეშ არიან, უფრო მკვეთრ ზომებსაც უნდა ველოდოთ.
ავსტრიამ აუცრელ ადამიანებს დაუწესა სახლიდან გასვლის შეზღუდვები, რაც მათ სახლიდან გასვლის უფლებას მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში აძლევს, მაგალითად სამუშაოდ ან პროდუქტის შესაძენად. სინგაპურში ის ადამიანი, რომელიც არ აიცრება, დაინფიცირების შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ხარჯებს თავად ანაზღაურებს. გერმანიის არმია 12000-მდე სამხედრო მოსამსახურეს მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვანს, რათა საჭიროების შემთხვევაში, დაეხმაროს კლინიკებს და დააჩქაროს "ბუსტერების" გავრცელება.
პანდემიასთან ბრძოლის გამკაცრების პოტენციური პოლიტიკური შედეგები უზარმაზარია. აქვთ თუ არა მთავრობებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება, განსხვავებულად მოექცნენ აცრილ ან აუცრელ მოქალაქეებს? რა თქმა უნდა, ამის გაკეთება, დემოკრატიულ ქვეყნებთან შედარებით, უფრო ადვილია ისეთ მკაცრად კონტროლირებად ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი.
რომელ მხარესაც არ უნდა იყოთ, საშინელებაა იმის ხილვა, როგორ აჩერებს პოლიცია ხალხს ქუჩაში ვაქცინაციის სტატუსის შესამოწმებლად.
სავარაუდოდ, ამ საკითხზე სასამართლოები თვეების განმავლობაში გაგრძელდება. განსაკუთრებით აშშ-ში, სადაც რესპუბლიკელთა მიერ მართული შტატები უკვე ეწინააღმდეგებიან თეთრ სახლს ისეთი ზომების გამო, როგორიცაა პირბადის სავალდებულო ტარება.
Covid-19-მა გაანადგურა ეკონომიკა და მეურნეობა მთელ მსოფლიოში. ახლა კი ის მოქალაქეებისა და მათი მთავრობების გაუცხოებას უწყობს ხელს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კარლ მაიერი