LIVE

ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს

11 ნოე 202111:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1103
ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს
Leonid Shcheglov/BelTA/AP Photo

ევროკავშირი ბლოკის საზღვრებთან ათასობით მიგრანტის გაგზავნის გამო მინსკის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ახალ სერიას ამზადებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი და აშშ ემზადებიან მინსკის რეჟიმის დასასჯელად ბლოკზე “ჰიბრიდული თავდასხმის” ორგანიზებისთვის.

“ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი დემოკრატიები ასეთი ცინიკური გეოპოლიტიკური თამაშისგან”,- განუცხადა ფონ დერ ლეიენმა ჟურნალისტებს. 

ევროკავშირის ელჩები, სავარაუდოდ, ოთხშაბათს დაამტკიცებენ ტრეფიკინგის ხელშეწყობის კრიტერიუმებს, როგორც ბელარუსის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების საფუძველს. ბლოკი განიხილავს ავიაკომპანიების, მათ შორის რუსული Aeroflot-ისა და Turkish Airlines-ის სანქციების ახალ პაკეტში ჩადებას. ახალი ზომები შეიძლება მომავალი თვის დასაწყისში გამოცხადდეს - შეერთებულ შტატებთან და შესაძლოა ბრიტანეთთან ერთად.

“ძალიან სწრაფად, მომავალი კვირის დასაწყისში, სანქციები გაფართოვდება. რამდენადაც მე ვიცი, შეერთებულმა შტატებმა მოამზადა სანქციები, რომლებიც ძალაში დეკემბრის დასაწყისში შევა”,- განაცხადა ფონ დერ ლეიენმა. 

ბლოკი ცდილობს დაასრულოს პაკეტის დეტალებზე მუშაობა, მათ შორის შეზღუდვებზე ბელარუსის ავიაკომპანია Belavia-სა და რეჟიმთან დაკავშირებულ 29 პირზე. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ბლოკის საგანგებო სამიტის ჩატარება მოითხოვა. ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, უახლოეს მომავალში ევროკავშირის ლიდერებს შეუძლიათ ბელარუსის შესახებ ვირტუალური შეხვედრის გამართვა.

“ეს არის ევროკავშირის დესტაბილიზაციისთვის შექმნილი პოლიტიკური კრიზისი. ეს არის ეროვნული ტერორიზმის გამოვლინება, ლუკაშენკოს შურისძიება ბელარუსში დემოკრატიული არჩევნებისთვის ჩვენი მხარდაჭერისთვის”,- განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს ვარშავაში ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან მოლაპარაკების შემდეგ. 

შექმნილი კრიზისი განიხილეს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.

“ბელარუსის რეჟიმის მიერ ევროკავშირის წინააღმდეგ მიგრანტების ექსპლუატაცია არის არაადამიანური და სრულიად მიუღებელი”,- განაცხადა მერკელმა ოთხშაბათს ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას. რუსეთის ლიდერმა მერკელს უთხრა, რომ ევროკავშირმა ეს საკითხი ლუკაშენკოსთან უნდა განიხილოს.

ევროკავშირსა და ლუკაშენკოს შორის ხანგრძლივი კონფლიქტი, რომელიც პროვოცირებული იყო გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპონენტების სასტიკი ჩახშობის შედეგად, ლტოლვილთა კრიზისად გადაიქცა. მინსკის ხელისუფლება ათასობით მიგრანტს აგზავნის  პოლონეთის საზღვარზე, საიდანაც ბევრი დასავლეთ ევროპაში ჩასვლას ცდილობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალიაქსანდრ კუდრიცკი, ჯონ ფოლენი და პატრიკ დონაჰიუ