LIVE

წელს თბილისის მერია საახალწლო დეკორაციებში კიდევ 207 000 ლარს დახარჯავს

10 ნოე 202122:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1606
წელს თბილისის მერია საახალწლო დეკორაციებში კიდევ 207 000 ლარს დახარჯავს

2021 წელს დედაქალაქის მერია ნაძვის ხეებისა და განათებების განახლებისთვის დამატებით 207 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას  "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.  

ორგანიზაციის ცნობით, ნაძვის ხის განახლებისთვის გამოყოფილი 64,000 ლარი, 36 000 ლარი - საახალწლო ნათურებსა და აქსესუარებზე, 107 000 ლარი კი – დეკორატიულ მატარებელზე.

პირველი ელექტრონული ტენდერი, რომელიც ნაძვის ხის განახლებას გულისხმობს, შპს თბილსერვის ჯგუფმა 3 ნოემბერს გამოაცხადა, ხოლო წინადადების მიღება დასრულდება 15 ნოემბერს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საახალწლო განათებები და ნაძვის ხის სათამაშოები 2021 წლის 10 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს თბილსერვის ჯგუფს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, იგეგმება თბილისის პარლამენტის შენობის წინ დასადგამი ნაძვის ხის განახლება - მისი მორთვა და სხვადასხვა ტიპის სათამაშოებით გაფორმება.

"ფლანგვის დეტექტორის" თანახმად, მეორე ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაციით ირკვევა, რომ თბილისის მერია წელსაც გეგმავს 2019 წელს შეძენილი მილიონ ლარად ღირებული ნაძვის ხის განახლებას და ტოტების დამატება. კერძოდ ნაძვის ხეს 160 ტოტის დაემატება და ახალი სათამაშოებით მორთვება. ასევე, განახლდება ნაძვის ხის ქვედა ნაწილიც. ჯამში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 64,000 ლარს შეადგენს. გამარჯვებული კომპანიის შერჩევა კი 22 ნოემბრიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2020 წელს განაახლა აღნიშნული ნაძვის ხე და ახალი ტოტები დაამატა, რაც თბილისის მერიის კომპანიას 103,850 ლარი დაუჯდა. მილიონ ლარად შეძენილი ნაძვის ხე 2019 წელს ყველაზე ძვირადღირებული საახალწლო შენაძენი იყო, რომლის განახლებასა და ტოტების დამატებაში, ახალი შესყიდვის გათვალისწინებით, ჯამში დაახლოებით 160,000 ლარი იქნება დახარჯული, წერს ორგანიზაცია.

მესამე ელექტრონული შესყიდვის მეშვეობით კი თბილისის მერიას საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შეძენა სურს. აღნიშნული მატარებლის სავარაუდო ღირებულება 107,000 ლარი იქნება. ტენდერზე წინადადების მიღება და კომპანიის შერჩევა 15 ნოემბერს დაიწყება.

2020 წელს თბილისის მერიის კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი (616,000 ლარი) დახარჯა საახალწლო განათებებსა და ქუჩების გაფორმების სამუშაოებზე. ხოლო 2019 წელს საახალწლოდ თბილისის ქუჩების გაფორმება და საშობაო ნაძვის ხის შეძენა თბილისის მერიას 3,177,944 ლარი დაუჯდა.

"თბილისის ქუჩების საახალწლოდ გაფორმება და ნაძვის ხის დადგმა მნიშვნელოვანია თბილისის მოსახლეობისთვის. თუმცა, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარების გათვალისწინებით საკითხავია, რამდენად რაციონალურია წლიდან წლამდე 100,000-ობით ლარის გადახდა ბიუჯეტიდან საახალწლო ნათურების შეძენაში, როდესაც შეიძლება უკვე არსებულის გამოყენება. ხოლო, დაზოგილი თანხის მოხმარება სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე, რომლებიც სარგებლის მომტანი იქნება თბილისის მოსახლეობისთვის", ვკითხულობთ "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებაში.