LIVE

რუსეთის მიერ შეუსრულებელი პირობის გამო, ევროპაში გაზის ფასმა მოიმატა

08 ნოე 202117:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 923
რუსეთის მიერ შეუსრულებელი პირობის გამო, ევროპაში გაზის ფასმა მოიმატა
Andrey Rudakov/Bloomberg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპირების საწინააღმდეგოდ, ევროპამ დღეს საშუალოზე ნაკლები მოცულობის ბუნებრივი აირი მიიღო, რის გამოც ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის ფასები გაიზარდა.

ნიდერლანდებში გაზის ფიუჩერსების ფასმა 9,7%-მდე მოიმატა. დღევანდელმა მიწოდებამ სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. დღეს გაზის ნაკადი აღმოსავლეთის მიმართულებით, გერმანიიდან პოლონეთისკენ მიედინებოდა, მაშინ, როცა  ჩვეულებრივ საპირისპიროდ ხდება ხოლმე.

გარდა ამისა, მოიმატა ელექტროენერგიის კონტრაქტების ფასმა, რამდენადაც ზამთარში თბოსადგურების სამუშაოდ საკმარისი საწვავი ხელმისაწვდომი არ იქნება. 

ევროპის საწვავის უმსხვილესმა მიმწოდებელმა პირობა დადო, რომ ორშაბათიდან რეგიონს მეტი გაზი მოეწოდებოდა. პუტინმა Gazprom-ს უბრძანა, რომ რუსეთის შიდა მარაგების შევსების შემდეგ, ევროპული საწყობები შეევსო. 

კომპანიის განცხადებით, ამ კვირაში არ გაყიდის გასატან საწვავს გაყიდვების პლატფორმის საშუალებით და დღეისთვის ევროპაში გასაგზავნად შაბათ-კვირის აუქციონებზე მეტი მოცულობა დაჯავშნილი არ ყოფილა.

"გაზის ბაზარს მეტი მარაგი სჭირდება. თუ რუსეთი არ გაზრდის ნაკადებს, ფასები, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მოიმატებს”,- თქვა ჰოლანდიური ენერგეტიკული კომპანიის PZEM-ის უფროსმა მოვაჭრემ, ნიეკ ვან კუტერენმა.

რუსეთის მიერ მიწოდების შეზღუდვის გამო, ევროპული გაზის ფასი მიმდინარე წელს სამჯერ გაიზარდა. მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას შეუძლია მეტი საწვავი მიაწოდოს ევროპას Nord Stream 2-ის მეშვეობით და ამ გზით ახორციელებს ზეწოლას კონტინენტზე, რომ დაამტკიცონ ბუნებრივი აირის 1200-კილომეტრიანი მილსადენით მიღება. 

კრემლში მიიჩნევენ, რომ ევროპაში ნაკადის მიწოდებას თავად Gazprom-ი განსაზღვრავს. 

ევროპამ გათბობის სეზონი ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი მარაგით დაიწყო. ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ტემპერატურა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნორმაზე დაბალია. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომავალ კვირას კიდევ უფრო აცივდება.

თუმცა, ზოგიერთი მოვაჭრე მაინც ფიქრობს, რომ მომდევნო დღეებში მოსკოვი ევროპას მეტ გაზს მიაწვდის. 

"უნდა დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები სამშაბათს, სანამ რწმენა სრულად დავკარგავთ“,- ამბობს S&P Global Platts-ის ანალიტიკოსი, ჯეიმს ჰაკსტეპი. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ვანესა დეზემი და ანა შირიაევსკაია