
ჯეფ ბეზოსმა Amazon.com-ის დაახლოებით $2 მილიარდის აქციები გაყიდა. ბეზოსმა მიმდინარე კვირაში პირობა დადო, რომ ამ რაოდენობის თანხას Bezos Earth Fund-ი ბუნების აღდგენასა და საკვების სისტემების ტრანსფორმაციას მოახმარს.
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის მონაცემებით, ბეზოსმა 608,450 აქცია წინასწარ შეთანხმებული სავაჭრო გეგმის მიხედვით გაყიდა. ეს მიმდინარე წელს მის მიერ გამოთავისუფლებულ თანხას დაახლოებით $8,6 მილიარდამდე ზრდის.
Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანი Amazon-ის დაახლოებით 10%-ს ფლობს. მისი წმინდა ქონება კი $196 მილიარდს შეადგენს.
Amazon-ის დამფუძნებელმა კაპიტალის გაყიდვები თავისი სარაკეტო კომპანიის Blue Origin-ის დასაფინანსებლად გამოიყენა. მან ასევე $10 მილიარდი გამოყო Bezos Earth Fund-ისთვის კლიმატის ცვლილების შედეგების დასაძლევად.
უახლესი განცხადების მიხედვით, რომელიც გლაზგოს COP26-ის კლიმატის სამიტს ემთხვევა, ბეზოსი $1 მილიარდს ლანდშაფტის აღდგენის მხარდასაჭერად გამოყოფს, თავდაპირველი ფოკუსით აფრიკასა და აშშ-ზე, დანარჩენი $1 მილიარდი კი საკვებ და სასოფლო-სამეურნეო სისტემებს მოხმარდება.
ამაზონის აქციები, გასულ წელს 76%-იანი ზრდის შემდეგ, მიმდინარე წელს მხოლოდ 3.9%-ით გაიზარდა. მიზეზი, სავარაუდოდ, პანდემიის პიკში მომხმარებლების მხრიდან ონლაინ შოპინგზე მეტად დაყრდნობაა.
1997 წელს Amazon-ის ბირჟაზე განთავსებიდან 15 წლის განმავლობაში, ბეზოსმა ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანიის დაახლოებით მეხუთედი $2 მილიარდად გაყიდა. ბოლო წლებში მისი აქციების ღირებულება იმდენად გაიზარდა, რომ ახლა მას შეუძლია გაყიდოს შედარებით მცირე რაოდენობით აქციები მილიარდობით დოლარად. გასულ წელს ბეზოსმა $10 მილიარდზე მეტი ღირებულების აქციები გაყიდა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სკოტ კარპენტერი და სოფი ალექსანდერი