LIVE

გერმანიაში Amazon-ის თანამშრომლები ხელფასის ზრდის მოთხოვნით იფიცებიან

01 ნოე 202116:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 972
გერმანიაში Amazon-ის თანამშრომლები ხელფასის ზრდის მოთხოვნით იფიცებიან
Peter Endig / dpa / AFP

გერმანიის მასშტაბით Amazon-ის შვიდი ოფისის თანამშრომლები მიმდინარე კვირაში გაფიცვას აპირებენ. უკმაყოფილების მიზეზი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების შესახებ მიმდინარე დავაა.

კვირას, გერმანიის სიდიდით მეორე პროფკავშირმა მოუწოდა Amazon-ის საწყობის თანამშრომლებს, გაფიცულიყვნენ 1 და 2 ნოემბერს.

“მიუღებელია მილიარდიანი მულტინაციონალური ორგანიზაციისთვის, უარი თქვას თანამშრომლების ხელფასების გაზრდაზე იმ დონემდე, რასაც ინდუსტრიის სხვა კომპანიები უხდიან კოლეგებს. გაფიცვების ზეწოლის შემდეგ Amazon-მა ბოლო წლებში რამდენჯერმე გაზარდა ხელფასები. ამის მიუხედავად, Amazon მაინც უხდის თავის თანამშრომლებს ნაკლებ ანაზღაურებას, ვიდრე კოლექტიური მოლაპარაკებების ხელშეკრულებით დაფარულ კომპანიებს”,- განაცხადა ორჰან აკმანმა, Verdi-ის წარმომადგენელმა.

Reuters-თვის მიცემულ კომენტარში კი კომპანია აცხადებს, რომ “არავინ გამოიმუშავებს 12 ევროზე ნაკლებს საათში”. გერმანიაში მინიმალური ხელფასი საათში 9,60 ევროა.

პროფკავშირის გაფიცვის მიზეზი გახდა Amazon-ის უარი ადგილობრივი კოლექტიური მოლაპარაკების ხელშეკრულებების აღიარებაზე, რომელიც საცალო ვაჭრობისა და გადაზიდვის სექტორების თანამშრომლებზე გამოიყენება.

გასულ წელს Verdi-ის მხარდაჭერილი პროტესტის დროს, Amazon-ის 2500-მდე გერმანელი თანამშრომელი გაიფიცა შავ პარასკევს, რათა ხელი შეეშალა კომპანიის საქმიანობისთვის ნოემბრის სადღესასწაულო ღონისძიების დროს.

გერმანია Amazon-ის სიდიდით მეორე ბაზარია. მარტში კომპანიამ გამოაცხადა, რომ დაიქირავებს კიდევ 5000 თანამშრომელს გერმანიაში, რის შედეგადაც ქვეყანაში მუდმივი თანამშრომლების რაოდენობა დაახლოებით 28000-ს მიაღწევს.