
Tesla-მ Facebook-ს გაუსწრო და აშშ-ში მეხუთე უმსხვილესი საჯარო კომპანია გახდა. Hertz-თან $4,2 მილიარდიანი გარიგების შემდეგ, კომპანიის საბაზრო ღირებულება $1 ტრილიონს აჭარბებს.
ელექტრომობილების მწარმოებლის აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც Hertz-მა Tesla-ს 100,000 ავტომობილი შეუკვეთა. Hertz-თან გარიგებამდეც კი, Tesla-ს აქციები ბოლო კვირებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ავტომწარმოებლის აქციების ფასმა წელს ჯამში 45%-იანი ზრდა აჩვენა, რაც S&P 500 ინდექსის ზრდას ორჯერ აღემატება.
Tesla-ს დირექტორის, ილონ მასკის ქონების დაახლოებით ორი მესამედი პირდაპირ უკავშირდება ელექტრომობილების კომპანიის აქციებსა და ოფციონებს. Hertz-თან გრიგების შემდეგ, მასკის პირადი ქონება ორშაბათს $36,2 მილიარდით გაიზარდა.
ეს ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა Bloomberg Billionaires Index-ის ისტორიაში. მასკის რეკორდი ჩინელი მაგნატის, ჟონგ შანშანის $32 მილიარდიან ზრდას აჭარბებს, რომელიც გასულ წელს შანშანის კომპანიის ბირჟაზე განთავსებას მოჰყვა. მასკის $288,6 მილიარდიანი ქონება ამჟამად Exxon Mobil-ის ან Nike-ის საბაზრო ღირებულებასაც აღემატება.
მასკი სულ უფრო და უფრო უსწრებს სხვა მეგამილიარდერებს. Bloomberg-ის ინდექსის მიხედვით, Amazon.com-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი $192,6 მილიარდით მეორე ადგილს იკავებს და მასკს უკვე მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სკოტ კარპენტერი