ზოიძე: დიდი ალბათობაა, PCR ლაბორატორიების ნაწილი აფიორა იყოს

22 ოქტ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 310

ჯანდაცვის ექსპერტის აკაკი ზოიძის განცხადებით, არსებობს ეჭვი, რომ ბოლო პერიოდში მომრავლებული ლაბორატორიების ნაწილს, რომლებიც კორონავირუსის ტესტებს აკეთებენ, შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს.

როგორც ზოიძემ "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ მიმართულებით კონტროლი გაამკაცროს და მსგავს ლაბორატორიებს გარკვეული მოთხოვნები დაუწესოს.

„კორონავირუსის PCR ლაბორატორიები ყოველი ფეხის ნაბიჯზეა გახსნილი და ამ მომსახურებაზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია, რადგან ზოგიერთ პროფესიაში პერიოდული ტესტირება უკვე სავალდებულოა. ყოველდღე მოგვდის მოკლე ტექსტური შეტყობინებები სხვადასხვა ლაბორატორიისგან, რომ შესაბამის ტესტს 50-60 ლარად აკეთებენ. გეტყვით, რომ ამ ფასად თითქმის შეუძლებელია სრულყოფილად გააკეთო აღნიშნული ტესტი და ძალიან დიდი ალბათობაა, რომ მსგავსი ლაბორატორიების ნაწილი აფიორა იყოს და რეალურად არანაირ PCR ტესტს არ აკეთებდნენ. შესაბამისად, როდესაც ადამიანს დადებითი ან უარყოფითი ტესტის პასუხი მოსდის, კაცმა არ იცის, რამდენად სწორი და სანდოა ეს პასუხი. აქ საუბარი არაა იმ უკვე ჩამოყალიბებულ ლაბორატორიებზე, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. აქ საუბარია სოკოებივით მომრავლებულ ლაბორატორიებზე. მხოლოდ აპარატურის ყიდვა არაა საკმარისი, აქ შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაციაცაა აუცილებელი. ჩემი აზრით, სწორედ ამ ნაწილშია აუცილებელი კონტროლის და მინიმალური მოთხოვნების დაწესება“,- აცხადებს აკაკი ზოიძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სექტორში რეგულაციების გამკაცრებაზე საუბარი რამდენიმე დღის წინ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით დაფიქსირებული შემთხვევის შემდეგ გააქტიურდა. როგორც აღმოჩნდა, გოგელიას კლინიკაში მოქალაქეებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, C-ვიტამინი გაუკეთეს. ჯანდაცვის სამინისტრო პარლამენტთან იმ საკანონმდებლო პაკეტზე გეგმავს მუშაობის განახლებას, რომლითაც რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები იზრდება.