LIVE

მთავრობა ბიზნესს სახელმწიფო ქონების იჯარას პატიობს

12 ოქტ 202112:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 1430
მთავრობა ბიზნესს სახელმწიფო ქონების იჯარას პატიობს

მთავრობა მოქალაქეებსა და ბიზნესს სახელმწიფო ქონების გადაუხდელ ქირას და იჯარას პატიობს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, მათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს ქირის, იჯარისა და მართვის გადასახადი, ჯამში 5 მლნ ლარზე მეტი ეპატიებათ. მოქალაქეებს ჩამოეჭრებათ ჯარიმების თანხაც, რაც დაახლოებით მილიონი ლარია. 

"მინდა გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება პანდემიით დაზარალებულ ბიზნესებს და იმ ადამიანებს, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო ქონების იჯარით, ქირის ან მართვის უფლებით აქვთ გადაცემული სახელმწიფო ქონება. პარლამენტმა იმსჯელა ამ საკითხზე და მიიღო შესაბამისი ცვლილება "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონში. ამ ცვლილებიდან გამომდინარე, მოვამზადეთ სპეციალური წესი, რომლითაც განისაზღვრა რომ 2020 წლის 21 მარტიდან 2021 წლის 21 მარტის ჩათვლით ასეთ სუბიექტებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ეპატიებათ იჯარისა და ქირის გადასახადი. ასევე გადაუხდელობით ან დაგვიანებით გადახდის გამო დაკისრებული ჯარიმა, სანქცია და საურავი",- აცხადებს თურნავა.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ ეს პერიოდი შეარჩიეს იმიტომ, რომ 2020 წლის მარტში, ისევე როგორც მიმდინარე წლის მარტში ქვეყანაში პანდემიის გამო შეზღუდვები იყო დაწესებული. 

ამასთან, იმ პირებს, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში სრულად ან ნაწილობრივ გადაიხადეს სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებით განსაზღვრული თანხები, ეს ჩაეთვლებათ მომავალი პერიოდის ვალდებულების შესრულებაში. ჯამში, ჩათვლილი თანხის ოდენობა 4 500 000 ლარს აღემატება.

"იმისთვის რომ სამართლიანობა დავიცვათ, ამ შეღავათს ვავრცელებთ იმ სუბიექტებზეც, მოიჯარეებზე, რომლებმაც გადაიხადეს სრულად ან ნაწილობრივ. მათ მომავალში ჩაეთვლებათ ეს შეღავათი გადახდილად. ანუ მომავალ გადახდებში ისარგებლებენ",- განაცხადა თურნავამ.