LIVE

რამ გამოიწვია Facebook-ის სრული გათიშვა - კომპანიის განმარტება

05 ოქტ 202111:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1023
რამ გამოიწვია Facebook-ის სრული გათიშვა - კომპანიის განმარტება

4 ოქტომბრის საღამოს Facebook მთელ მსოფლიოში დაახლოებით 6 საათით გაითიშა. მიზეზი ქსელის კონფიგურაციის პრობლემა იყო. კომპანია აცხადებს, რომ ვერ იპოვა მტკიცებულება, რომ შეფერხების პერიოდში მომხმარებლის მონაცემები დაუცველი იყო.

“ქსელის ტრაფიკის შეფერხებამ კასკადური გავლენა მოახდინა მონაცემთა ცენტრების კომუნიკაციაზე და შეაჩერა ჩვენი მომსახურება”,- წერს კომპანიის საინჟინრო ჯგუფი.

ტექნიკურმა პრობლემამ Facebook, Instagram, WhatsApp და Messenger სერვისები საათობით გათიშა, რაც ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი შეფერხება აღმოჩნდა ბოლო წლების განმავლობაში. შეფერხებამ აიძულა ხალხი მთელს მსოფლიოში, გამოეყენებინათ სხვა პროგრამები და სერვისები, რათა შეენარჩუნებინათ კავშირი და ყოფილიყვნენ ინფორმირებულები.

ქსელის აღდგენის შემდეგ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა.

“ბოდიში დღევანდელი შეფერხებისთვის - ვიცი, რამდენად ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ დარჩეთ კავშირში იმ ადამიანებთან, ვისზეც ზრუნავთ”,- წერს ის.

Facebook-ის წაგება მოგებად იქცა სხვა სოციალური მედიის სხვა პლატფორმებისთვის. Twitter-ის ქსელი ონლაინ რეჟიმში დარჩა. აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეკ დორსმა დაწერა, რომ მხარს უჭერს Signal-ს, როგორც WhatsApp-ის ალტერნატივას. Signal-მა მოიპოვა მილიონობით ახალ მომხმარებელი, ხოლო Telegram-მა iPhone-ის ჩამოტვირთვის ჩარტში 55 ადგილი დაიკავა.

გათიშვა არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელთან გამკლავებაც Facebook-ს უწევს. კომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა ფრენსის ჰაუგენმა გადასცა ათასობით დოკუმენტი ამერიკელ კანონმდებლებს და Wall Street Journal-ს, რომლებმაც გასულ თვეში დაწერა სტატიების სერია ფეისბუქის შესახებ შინაარსის წინააღმდეგ ბრძოლისა და მოზარდებზე ინსტაგრამის ნეგატიური ფსიქოლოგიური გავლენის შესახებ.

მამხილებელმა ჩვენება სენატის ქვეკომიტეტის წინაშე უნდა მისცეს და გეგმავს კანონმდებლებს უთხრას Facebook-ის შესახებ “შემზარავი სიმართლე”.

გლოგალური გათიშვის შედეგად Facebook-ის აქციები 4.9%-ით დაეცა. ცუკერბერგმა კი რამდენიმე საათში $7 მილიარდი დაკარგა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კურტ ვაგნერი