LIVE

როგორ მოქმედებს სოციალური მედია მომხმარებლებზე

03 ოქტ 202115:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1163
როგორ მოქმედებს სოციალური მედია მომხმარებლებზე

Facebook-ის აღმასრულებლები დიდი ხანია ამაყობენ იმით, რომ მათი სერვისები უსაფრთხოა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველაფერი გააკეთეს თინეიჯერების სოციალურ ქსელზე მისაჯაჭვად და გვერდითი მოვლენების შესახებ მათთვის ცნობილი ინფორმაცია დამალეს.

ვითარება ხომ არ გეცნობათ? კრიტიკოსები ამბობენ, რომ თამბაქოს მსხვილმა მწარმოებლებმა (Big Tobacco) ერთხელ იგივე წესებით ითამაშეს და ამან სოციალური მედიის გიგანტის მიმართ აღშფოთება სრულიად ახალ დონეზე აიყვანა.

Facebook-ი მუდმივად ეწინააღმდეგება საკუთარ კვლევას, რომელმაც აჩვენა, თუ როგორ შეუძლია Instagram-ს ზიანი მიაყენოს ახალგაზრდა მომხმარებლების ფსიქიკურ მდგომარეობას, ნათქვამია Wall Street Journal-ის სტატიაში. 

თინეიჯერი გოგონების თითქმის მესამედმა განუცხადა Facebook-ს, რომ Instagram-ის გამოყენების შემდეგ ისინი საკუთარი სხეულის გამო კომპლექსდებიან. მიუხედავად ამ ცოდნისა, Facebook-ი უფრო მეტ რესურსს დებს ახალგაზრდა მომხმარებლების მოზიდვაში, მათ შორის Instagram-ის საბავშვო ვერსიის შემუშავებაშიც, რომელზე მუშაობაც დროებით შეაჩერა

ეს მონაცემები საფუძველს აძლევს ზოგიერთ დეპუტატს, რომ Facebook-ის ქმედება შეადარონ თამბაქოს უმსხვილესი კომპანიების ათწლეულების მანძილზე მოქმედ კამპანიას, რომელმაც საზოგადოებას დაუმალა ინფორმაცია სიგარეტის მიერ სიმსივნისა და დამოკიდებულების გამომწვევი გვერდითი მოვლენების შესახებ.

”კომპანიების აღმასრულებლებმა იცოდნენ თამბაქოს შემადგენლობაში შემავალი ქიმიკატების შესახებ და მაინც არაფერი გაუკეთებიათ, რომ ეს პროდუქტი ბავშვების ხელში არ ჩავარდნილიყო. მათ იცოდნენ, რომ თუკი ადრეულ ასაკში შეძლებდნენ ბავშვებში დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ისინი სიცოცხლის ბოლომდე მათი კლიენტები გახდებოდნენ. დღეს არის ზუსტად იგივე სიტუაცია - ბავშვები ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან დამოკიდებულნი ხდებიან სოციალურ ქსელებზე და შემდეგ მოხსენება მოხსენებაზე იწერება მათი ფსიქიკისათვის ზიანის მიყენების შესახებ”,- ამბობს ოჰაიოს რესპუბლიკელი წარმომადგენელი, ბილ ჯონსონი.

სწორედ სოციალური მედიის გრძელვადიანი ეფექტი გახდა შეშფოთების მიზეზი საბავშვო Instagram-ის შექმნასთან დაკავშირებით. სერვისი, რომელსაც ხანდახან Instagram Youth-ს უწოდებენ, მიზნად ისახავს მოზარდებისთვის სოციალურ მედიაში დროებითი სივრცის შექმნას, სანამ ისინი 13 წლის გახდებიან და უფლება მიეცემათ მთავარ საიტს შეუერთდებიან. 

Facebook-ი ამტკიცებს, რომ ბავშვები იტყუებიან ასაკს, რათა მაინც მოხვდნენ პლატფორმაზე, ამიტომ ახალგაზრდებზე ორიენტირებული პროდუქტი, სადაც  მშობლებს მათი კონტროლის მექანიზმი ექნებათ, უფრო უსაფრთხო ალტერნატივა იქნება.

სამზე მეტმა გენერალურმა პროკურორმა უკვე მოუწოდა Facebook-ის აღმასრულებელ დირექტორს, მარკ ცუკერბერგს უარი ეთქვა პროექტზე. ისინი ამტკიცებენ, რომ Instagram Kids-ს შეუძლია გაამძაფროს დეპრესია, მარტოსულობის შეგრძნება და შფოთვა ბავშვებში. მათ ეთანხმებიან ამერიკელი კანონმდებლები და კონფიდენციალურობისა და ბავშვთა კეთილდღეობის დამცველთა კოალიცია.

”თუ Facebook-ი განაგრძობს Instagram Youth–ზე მუშაობას, მაშინ ჩვენ თამამად ვიტყვით, რომ მათ არავინ გაითვალისწინეს”,- ამბობს Fairplay-ს აღმასრულებელი დირექტორი, ჯოშ გოლინი. 

იმის გასაგებად, თუ როგორ მოქმედებს Instagram-ი ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, Facebook-მა გამოიკითხა ათიათასობით მომხმარებელი და ბოლო სამი წლის განმავლობაში მონაცემები შეაგროვა - იუწყება ჟურნალი, რომლის სტატიაც დაფუძნებულია Facebook-ის მიერ გამოქვეყნებულ შიდა კვლევაზე.

ანალიზმა აჩვენა, რომ მომხმარებლები ზეწოლის შედეგად ცდილობდნენ, წარმოედგინათ საკუთარი თავის იდეალიზებული ვერსია Instagram-ზე და ეს ხშირად აიძულებდა მათ საკუთარი თავი ნეგატიური კუთხით შეედარებინათ სხვებთან. შიდა მკვლევრები გვაფრთხილებენ, რომ Instagram-ის დიზაინმა ახალგაზრდებს შეიძლება პოტენციურად მავნე შინაარსისკენ უბიძგოს.

2021 წლის მარტის კონგრესის მოსმენისას, ცუკერბერგი არ იყო საკმარისად თანმიმდევრული სოციალური მედიის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გავლენის შესახებ საუბრისას. იგი ამაყობდა, რომ ონლაინ კავშირები ადამიანებს მარტოობის დაძლევაში დაეხმარება. კითხვაზე, აქვს თუ არა Facebook-ს შიდა კვლევები მისი გავლენის შესახებ ბავშვებზე, ცუკერბერგმა თქვა, რომ ეს არის ის, რის "შესწავლასაც ცდილობენ", სანამ დაამატებდა: "მე მჯერა, რომ პასუხი არის "დიახ".

კვლევა სოციალური მედიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ შეიძლება ორაზროვანი იყოს. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს კავშირს ქსელების გადამეტებულ გამოყენებასა და ბავშვობის ტრავმას, დაბალ თვითშეფასებასა და თვითმკვლელობის ტენდენციას შორის. სხვა მეცნიერები კი ამტკიცებენ, რომ კავშირი სოციალური მედიის გამოყენებასა და ფსიქიკურ დარღვევებს შორის სუსტია.

ორივე მხარეს მყოფი მეცნიერები თანხმდებიან, რომ Facebook-ი საუკეთესო ხელსაწყოა უმაღლესი ხარისხის კვლევის ჩასატარებლად, რადგან მან ზუსტად იცის რას აკეთებენ მისი მომხმარებლები Instagram-ზე და რამდენ ხანს რჩებიან.

14 სექტემბერს Instagram-ის საჯარო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კარინა ნიუტონმა დაწერა პოსტი, რომელიც ხაზს უსვამს კომპანიის კვლევის არადამაჯერებლობას.

”სოციალური მედია არ არის თავისთავად კარგი ან ცუდი ადამიანებისთვის. ბევრი მიიჩნევს, რომ იგი ერთ დღეს სასარგებლოა, მეორე დღეს კი - პრობლემური “,- წერს იგი. Instagram-ი ეძებს გზებს, რათა მოარიდოს მოწყვლადი მომხმარებლები გარკვეული ტიპის პოსტებს და უბიძგოს „იმ მასალისკენ, რომელიც მათ შთააგონებს და სტიმულს მისცემს“, დასძინა მან.

Big Tobacco-ს ათწლეულების განმავლობაში შეჰქონდა ეჭვი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევებში და სწორედ ეს იყო მისი სტრატეგია. 1954 წლის იანვარში გაზეთებში მთელ გვერდზე განთავსებულმა რეკლამამ გადმოსცა ინდუსტრიის საჯარო მესიჯი მომდევნო 50 წლის განმავლობაში: მოწევა არ იყო ფილტვის კიბოს გამომწვევი მიზეზი და საჭირო იყო მეტი კვლევა სიგარეტსა და ჯანმრთელობაზე. სანამ თამბაქოს კომპანიები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ და ამახინჯებდნენ სამეცნიერო მონაცემებს, მათმა კვლევებმა აღიარა რისკები. მათ ასევე ესმოდათ, რომ ნიკოტინი იყო ნარკოტიკული, მაშინაც კი, როდესაც ისინი საჯაროდ უარყოფდნენ, რომ ის იწვევდა დამოკიდებულებას, რათა თავიდან აეცილებინათ რეგულაციები და მწეველთათვის აერიდებინათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა.

Brown & Williamson Tobacco-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო პირველი მამხილებელი, რომელმაც ხელი შეუწყო ინდუსტრიის საიდუმლოებების გამჟღავნებას.

"Facebook-ის სტრატეგია მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელი მასზე გახდეს დამოკიდებული, ისევე როგორც სიგარეტის კომპანიები, რომლებიც იყენებენ დანამატებს",- გასულ წელს კონგრესს განუცხადა კომპანიის მონეტიზაციის ყოფილმა დირექტორმა ტიმ კენდალმა.

მისი თქმით, Facebook-ი ეყრდნობა არა მხოლოდ მოწონებებსა და განახლებებს მომხმარებლების მოსაზიდად, არამედ დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს, რომლებიც მძაფრ რეაქციას იწვევენ. ”ეს სერვისები გვაავადმყოფებს”, - თქვა მან. 

მთავრობას ათწლეულები დასჭირდა იმისთვის, რომ Big Tobacco დაემორჩილებინა. 1998 წელს სახელმწიფოთა კოალიციამ მიაღწია 246-მილიარდიან გარიგებას ინდუსტრიასთან, რაც კომპანიებისგან მოითხოვდა ყოველწლიური გადასახადების გადახდას შტატებისთვის და ზღუდავდა სიგარეტის რეკლამას. ერთი წლის შემდეგ აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა უჩივლა თამბაქოს კომპანიებს და დაადანაშაულა ისინი საზოგადოების მოტყუებასა და რეკეტულ შეთქმულებაში.

2006 წელს, ცხრათვიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ განაცხადა, რომ კომპანიებმა „დაარეკლამეს და გაყიდეს თავიანთი სასიკვდილო პროდუქტი გულმოდგინედ, მოტყუებით, ერთმნიშვნელოვნად ფოკუსირდნენ თავიანთ ფინანსურ წარმატებაზე და არ გაითვალისწინეს არც ადამიანური ტრაგედია და არც სოციალური ხარჯები, რაც გამოიწვია მათმა წარმატებამ ”.

ათობით შტატმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს მოწევას რესტორნებში, ბარებსა და სამუშაო ადგილებზე. საშუალო სკოლის მოსწავლეების პროცენტული წილი, რომლებიც ხშირად ეწეოდნენ, 1997 წლის 16.7%-ის მერე, 2017 წელს 2.6%-მდე შემცირდა, ნათქვამია აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" (CDC) მოხსენებაში. 

CDC–ის თანახმად, შეერთებულ შტატებში 34 მილიონი ზრდასრული მწეველი რჩება.

იელის უნივერსიტეტის ჯექსონის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მედიასა და ინფორმაციული ტექნოლოგიების კურსის ლექტორი, აშა რანგაპა ამბობს, რომ სოციალური მედიის მავნე ზემოქმედების გამოსწორება მოითხოვს საზოგადოების ცნობიერების ანალოგიურ ცვლილებას. 

წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯონსონი მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს ავალებს, შეისწავლოს სოციალური მედიის მიერ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზემოქმედების რისკები და გადაწყვიტოს, გამოიყენოს თუ არა გამაფრთხილებელი ნიშანი სოცმედია პლატფორმებზე.

სენატორებმა რიჩარდ ბლუმენტალმა და მარშა ბლექბერნმა განაცხადეს, რომ ისინი დაუკავშირდნენ Facebook-ის წარმომადგენელს და "გამოიყენებენ არსებულ ყველა რესურსს იმის შესასწავლად, თუ როდის რა იცოდა Facebook-მა".

”ჩვენ გარდატეხის ეტაპზე ვართ, ამიტომაც Big Tobacco-ს ანალოგია ძალიან შესაფერისია. საქმე მხოლოდ ის არაა, რომ ისინი ზიანს აყენებდნენ, არამედ მათ იცოდნენ ეს და დამალეს, რაც კიდევ უფრო საშინელს ხდის ამ ფაქტს. ადამიანები დამოკიდებულნი გახდნენ და ზიანი კიდევ უფრო გაიზარდა",- თქვა ბლუმენტალმა.

Facebook-ის გლობალური საკითხებისა და კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი, ნიკ კლეგი საზოგადოებას დაჰპირდა, რომ კომპანია გააგრძელებს ინვესტიციების ჩადებას კომპლექსურ საკითხებში და „შედეგად გააუმჯობესებს პროდუქტებსა და მომსახურებას“.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნაომი ნიქსი, დევიდ მაკლაფლინი, ანა ედგერტონი