LIVE

ცუკერბერგმა რამდენიმე საათში $7 მილიარდი დაკარგა

05 ოქტ 202100:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 876
ცუკერბერგმა რამდენიმე საათში $7 მილიარდი დაკარგა

Facebook-ის დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება რამდენიმე საათში 7 მილიარდი დოლარით შემცირდა მას შემდეგ, რაც ჯერ კომპანიის შიდა პოლიტიკასთან დაკავშირებით გავრცელდა ნეგატიური ცნობები, ხოლო შემდეგ მის სამივე პლატფორმას - Facebook-ს, Instagram-ს და WhatsApp-ს გლობალურად შეექმნა პრობლემა.

ინვესტორების ნაწილმა კომპანიის ფასიანი ქაღალდების გაყიდვა დაიწყო, რის შედეგადაც Facebook-ის აქციებზე ფასი 5%-ზე მეტით დაეცა, რაც თან დაერთო სექტემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებულ 15%-იან ვარდნას.

ორშაბათის წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად ცუკერბერგის ქონება $120.9 მილიარდამდე შემცირდა, რის შედეგადაც მან Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში ბილ გეითსის შემდეგ პოზიციაზე გადაინაცვლა და ამჟამად მსოფლიოში რიგით მე-5 უმდიდრესი ადამიანია. 13 სექტემბრის შემდეგ Facebook-ის დამფუძნებელმა ჯამში 19 მილიარდი დოლარი იზარალა.

სწორედ 13 სექტემბრიდან დაიწყო Wall Street Journal-მა კომპანიის შიდა წყაროებზე დაყრდნობით ისტორიების გამოქვეყნება იმასთან დაკავშირებით, რომ Facebook-ისთვის ცნობილია პრობლემების მთელი სპექტრი, რაც მის პროდუქტებს ახლავს თან - მათ შორის, მაგალითად ის, თუ რა ზიანს აყენებს Instagram თინეიჯერების მენტალურ ჯანმრთელობას, ასევე დეზინფორმაციული და ძალადობის წამახალისებელი ცნობები 6 იანვარს კაპიტოლუმზე მიტანილ იერიშთან მიმართებაში - თუმცა კომპანია ამ პრობლემების მნიშვნელობას საჯარო დონეზე არ აღიარებს. აღნიშნულმა ცნობებმა მთავრობის წარმომადგენლების ყურადღება მიიქცია, რასაც თან დაერთო ერთ-ერთი მამხილებლის, Facebook-ის ყოფილი თანამშრომლის საჯარო ინტერვიუ, სადაც მან კომპანიას ღიად დასდო ბრალი საზოგადოებისთვის პრობლემური საკითხების წინააღმდეგ უმოქმედობაში საკუთარი მოგების სასარგებლოდ.

ფრენსის ჰაუგენმა განაცხადა, რომ Facebook-ის შიდა კვლევების თანახმად, კომპანიის სოციალური ქსელები ხელს უწყობს სიძულვილის ენას, დეზინფორმაციის გავრცელებას და პოლიტიკურ არასტაბილურობას, რის შესახებაც ტექნოლოგიურმა გიგანტმა იცის, თუმცა საჯაროდ არ ახმაურებს და არც სათანადო ზომებს იღებს აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად. მეტიც, კომპანიის ყოფილი თანამშრომელი ამტკიცებს, რომ Facebook-ს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როცა ამბობს რომ მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს მის პლატფორმებზე სიძულვილის, ძალადობის და დეზინფორმაციის შეზღუდვის ნაწილში. 

"Facebook-ს ათასობით ვარიანტი აქვს, თუ რა გაჩვენოთ, როცა მას საკუთარ ტელეფონში სქროლავთ. ალგორითმი ამ ვარიანტებს იმის მიხედვით არჩევს, თუ რა ტიპის კონტენტით ინტერესდებით ყველაზე მეტად. დღესდღეობით, რის საფუძველზეც Facebook წყვეტს რა გაჩვენოთ არის ის, თუ რამდენად დიდი ჩართულობა და რეაქცია აქვს ამა თუ იმ კონტენტს. საქმე იმაშია, რომ კომპანიის შიდა კვლევების თანახმად, ადამიანებს ზიანის მომტანი, ძალადობრივი და პოლარიზაციის წამახალისებელი კონტენტი ყველაზე მეტად იზიდავს. შესაბამისად, Facebook-მა გააცნობიერა, რომ თუ ალგორითმს შეცვლის და მას უფრო უსაფრთხოს გახდის, ადამიანები ნაკლებ დროს გაატარებენ მის პლატფორმაზე, ნაკლებ რეკლამას ნახავენ და ამით მისი შემოსავალი შემცირდება," განაცხადა ჰაუგენმა.

მისი თქმით, Facebook-მა საკუთარი ალგორითმის საფრთხე 2020 წლის არჩევნების პერიოდში გაანალიზა და უსაფრთხოების სისტემებიც აამუშავა დეზინფორმაციის შეზღუდვის მიზნით, თუმცა ცვლილებების უმეტესობა დროებითი აღმოჩნდა და "როგორც კი არჩევნები დასრულდა ალგორითმი პირვანდელ სახეს დაუბრუნდა, ანუ კომპანიამ საკუთარი მოგება საზოგადოების უსაფრთხოებაზე წინ დააყენა."

საპასუხოდ Facebook-მა განაცხადა, რომ მის პროდუქტებთან მიმართებაში მოხსენიებული პრობლემური საკითხები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაცია, კომპლექსურია და მხოლოდ ტექნოლოგიებით არ არის განპირობებული.