
Facebook-ს, Instagram-ს და WhatsApp-ს გლობალური შეფერხება აქვთ - მომხმარებლებს პლატფორმებზე წვდომა შეეზღუდათ. ტექნოლოგიური გიგანტი აცხადებს, რომ სამივე აპლიკაციის სერვისის აღდგენაზე მუშაობს.
როგორც ირკვევა, პრობლემები აქვთ თავად კომპანიის თანამშრომლებსაც, რამდენადაც წვდომა შეზღუდულია ე.წ. Workplace ინსტრუმენტზეც, რომლითაც სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ.
DownDetector-ის თანახმად, 125,000 ათასზე მეტმა მომხმარებელმა განაცხადა რომ ვერ ახერხებს Facebook-ის აპლიკაციის გამოყენებას. 98,000-მა ადამიანმა დააფიქსირა პრობლემა Instagram-თან მიმართებაში, ხოლო 35,000 მომხმარებელი ვერ ახერხებს WhatsApp-ით სარგებლობას. Facebook-ის სამივე პლატფორმას ყოველდღიურად საშუალოდ 2.7 მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
წვდომის პრობლემა სავარაუდოდ უკავშირდება Facebook-ის DNS-ის, ანუ დომენური სახელის სისტემის ჩანაწერებს. აღნიშნული სისტემა დომენურ სახელებს როგორიცაა "facebook.com" აკონვერტირებს შესაბამისი ვებ-გვერდის ინტერნეტ პროტოკოლის მისამართზე. შესაბამისად, DNS ჩანაწერების შეცდომა შეუძლებელს ხდის ვებ-გვერდთან დაკავშირებას.
Facebook-მა განაცხადა, რომ მომხმარებლების პრობლემის შესახებ საქმის კურსშია, თუმცა არ განმარტა, რამ გამოიწვია შეფერხება.
"ვმუშაობთ იმისთვის, რომ აპლიკაციები ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად და ბოდიშს ვიხდით შეფერხებისთვის," დაწერა კომპანიამ Twitter-ზე შეფერხების ცნობების გავრცელებიდან 30 წუთში.
We’re aware that some people are having trouble accessing our apps and products. We’re working to get things back to normal as quickly as possible, and we apologize for any inconvenience.
— Facebook (@Facebook) October 4, 2021
გლობალური შეფერხება დროში ემთხვევა Facebook-ის შიდა პოლიტიკის შესახებ გახმაურებულ ცნობებს, როცა ერთი დღით ადრე, კომპანიის შიდა წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, თუ როგორ ანიჭებს ტექნოლოგიური გიგანტი უპირატესობას საკუთარ მოგებას და არ იღებს სათანადო ზომებს მის საკუთრებაში არსებულ პლატფორმებზე სიძულვილის ენის თუ დეზინფორმაციის შემთხვევების წინააღმდეგ. აღნიშნულის შემდეგ, Facebook-ის აქციებზე ფასი დღეს დილიდან 5.6%-ით დაეცა.