LIVE

Bloomberg: ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილი დაკავებულია

01 ოქტ 202120:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1558
Bloomberg: ღარიბაშვილის განცხადებით, სააკაშვილი დაკავებულია
Sergei Supinski/AFP/Getty Images

Bloomberg-ი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას ეხმაურება. ავტორიტეტული გამოცემა წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

"საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში",- აღნიშნა ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, სამართალდამცავ უწყებებს სააკაშვილის გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ და პროცესი სრული კონტროლის ქვეშ იყო. 

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი დღეს გამოაქვეყნა. მისი საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საერთაშორისო გამოცემებიც წერდნენ.

Bloomberg-ის თანახმად, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი 8 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და არ დაემორჩილა მთავრობის გაფრთხილებებს, რომ მას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო დააპატიმრებენ.

კერძოდ, ხუთშაბათს, გვიან ღამით სააკაშვილმა ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა და მოუწოდა ამომრჩევლებს, დაუპირისპირდნენ მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" კანდიდატებს შაბათს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

"მე ყველაფერი გავრისკე - თავისუფლება, სიცოცხლე - რომ ვიყო აქ",- თქვა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მალე აპირებს თბილისში დაბრუნებას.

სააკაშვილის საქართველოში ყოფნას არ ადასტურებდნენ ოფიციალური უწყებები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი პრეზიდენტის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია უარყო, ხოლო "ქართული ოცნების" ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ვიდეოს "ყალბი" უწოდა.

სააკაშვილმა საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა მეტოქემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მთავრობაში მოსვლის შემდეგ ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. 2003 წლის პროდასავლური ვარდების რევოლუციის ლიდერმა არაერთხელ განაცხადა, რომ ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში დააპატიმრებდა. თუმცა, მიმდინარე კვირის დასაწყისში ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში ავიაბილეთის ფოტო განათავსა და 2 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლა დააანონსა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰელენა ბედველი