
Pfizer-მა დღეს Covid-19-ის სამკურნალო ანტივირუსული აბების მასშტაბური კვლევა დაიწყო. მეცნიერები ფიქრობენ, რომ პრეპარატი, რომლის მიღება სიმპტომების გამოვლენისთანავე შეიძლება, დაავადებასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
პრეპარატი, სახელწოდებით PF-07321332, შუა და უფრო გვიანდელი სტადიის საფეხურზე გამოიცდება. კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 18 წლის და უფროსი ასაკის 2660-მდე ზრდასრული პირი, რომელთა ოჯახის წევრსაც სიმპტომური COVID-19 დადასტურებული აქვთ.
Pfizer-მა PF-07321332-ის კიდევ ერთი კვლევა დაიწყო, რომელიც არაჰოსპიტალიზებულ, სიმპტომურ ზრდასრულ პაციენტებში მის გამოყენებას შეისწავლის.
Pfizer-ის მსგავსად, ახალი კორონავირუსის სამკურნალო ადვილად მისაღები პრეპარატის შექმნაზე სხვა ფარმაცევტული კომპანიები, მათ შორის, ამერიკული Merck & Co და შვეიცარიული Roche Holding-ი მუშაობენ.
Merck-მა და პარტნიორმა, Ridgeback Biotherapeutics-მა მათი ექსპერიმენტული მედიკამენტის, "მოლნუპირავირის" ფინალური კვლევა დაიწყეს. ის არაჰოსპიტალიზებულ პაციენტებში მიმდინარეობს და მიზნად ისახავს, დაადგინოს ამცირებს თუ არა ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს.