თალიბანი ადამიანების დასჯის მიზნით, სიკვდილით დასჯასა და ორგანოების მოჭრას განიხილავს. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ დაჯგუფების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მოლა ნურუდდინ ტურაბიმ AP News-სთან ინტერვიუს დროს აღნიშნა.
ტურაბის, რომელიც თალიბანის წინა მმართველობის დროს, რელიგიურ პოლიციას ხელმძღვანელობდა, ამჟამად პატიმრები აბარია. ის მიიჩნევს, რომ ამპუტაცია "უსაფრთხოებისთვის აუცილებელია".
მისი თქმით, შესაძლოა, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, ამ სასჯელებით ადამიანები საჯაროდ აღარ დასაჯონ. სასჯელების აღდგენასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკის საპასუხოდ ის ამბობს, რომ ქვეყანაში მოქმედ წესებს თავად ადგენენ.
"ყველა გვაკრიტიკებდა ადამიანების სტადიონზე დასჯის გამო, მაგრამ ჩვენ მათ კანონებსა და სასჯელზე არასდროს გვითქვამს რაიმე. ვერავინ გვეტყვის, როგორი უნდა იყოს ჩვენი კანონები",- თქვა ტურაბიმ.
თალიბები ავღანეთში 15 აგვისტოს ძალაუფლების მოპოვების შემდეგ პირობას დებდნენ, რომ მათი მმართველობა ამჯერად უფრო მსუბუქი იქნებოდა და ადამიანის უფლებებს პატივს სცემდნენ, თუმცა ქვეყნის მასშტაბით, მათი დარღვევის არაერთი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.