ბრაზილიამ მიმდინარე წელს 40%-ით ნაკლები არაბიკა ყავის მოსავალი აიღო, ვიდრე გასულ წელს. მოსავლის პროგნოზირების სააგენტო Conab-ის მიხედვით, წლევანდელი მოსავალი ყველაზე მცირე რაოდენობაა 2009 წლის შემდეგ. დანაკარგი აშშ-ს ყავის მოხმარების დაახლოებით ორ მესამედს უტოლდება.
ბრაზილიაში მოსავლის შემცირება ნიშნავს, რომ ფასები გაიზრდება მომხმარებლებისთვისაც. ძვირადღირებული ყავა მხოლოდ ერთ-ერთია იმ პროდუქტებიდან, რომლებიც ინფლაციას განიცდიან და მთელს მსოფლიოში საკვების ღირებულების ზრდის შესახებ შეშფოთებას ამძაფრებენ.
ივლისის ყინვებთან ერთად, ბრაზილიის მოსავალი მრავალ ადგილას გვალვის გამო დაზარალდა.
მაღალი ხარისხის ყავის დეფიციტმა ბრაზილიაში მწარმოებლებს უკვე აიძულა რობუსტაზე გადასვლა, რომელსაც უფრო მწარე გემო აქვს და მარცვლები უფრო იაფია. ყავის ნაზავი, რომელიც ნახევრად რობუსტა იყო, წელს 90%-მდე იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს რობუსტას მოსავალი რეკორდულია ბრაზილიაში, ის მთლიანად გაიყიდა, რადგან მყიდველები მარაგების შესაქმნელად იბრძვიან.
ივლისის დამანგრეველ ყინვებამდეც კი, შეერთებულმა შტატებმა ბრაზილიის მარაგები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზე შეაფასა. სავარაუდოა, რომ არახელსაყრელი ამინდი არაბიკა ყავის მომდევნო ორ მოსავალს ძლიერად დააზარალებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარვინ ჯი პერეზი