LIVE

საპენსიო დანაზოგების ინვესტირება სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დაიწყება

14 სექ 202116:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 1229
საპენსიო დანაზოგების ინვესტირება სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დაიწყება

საპენსიო სააგენტო მოქალაქეების მიერ საპენსიო ფონდში შეტანილი თანხების  ინვესტირებას სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში დაიწყებს.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ სააგენტოში განუცხადეს, სპეციალიზირებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი ბოლო ეტაპზეა, რის შემდეგაც სააგენტოს ფასიან ქაღალდებში ინვესტირების უფლება ექნება. 

საინვესტიციო ინსტრუმენტებად მათ შორის განიხილება უცხოური საფონდო ბაზრები და ობლიგაციები. თუმცა 2023 წლამდე მოქალაქეების მიერ დაზოგილი თანხების დიდი ნაწილი კვლავ დაბალრისკიან აქტივებში დაბანდდება. შესაბამისად, უახლოესი რამდენიმე წელი ამ თანხის დიდი ნაწილი კვლავ კომერციულ ბანკებში იქნება განთავსებული.

„ამ ეტაპზე საპენსიო თანხები კომერციულ ბანკებშია განთავსებული, თუმცა მას შემდეგ, რაც სპეციალიზირებული დეპოზიტარი გვეყოლება, პორტფელის დივერსიფიკაციის და დანაზოგების სხვადასხვა ინსტრუმენტებში განთავსების შესაძლებლობა გვექნება. ველოდებით, რომ ეს პროცესი მალე დაიწყება, რადგან ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ეტაპზე ვართ. თუმცა კანონის მიხედვით 2023 წლამდე ინვესტირების უფლება მხოლოდ დაბალრისკიან პორტფელში გვაქვს",- განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი დანელიამ. 

ცნობისთვის, დღეს მდგომარეობით, საპენსიო ფონდში 1.71 მლრდ ლარია მობილიზებული, საიდანაც დარიცხული სარგებელი 208 მლნ ლარია. სქემაში ამ ეტაპზე მილიონ 192 ათასი ადამიანია გაწევრიანებული და დაგროვებითი პენსიით 1 128 მოქალაქემ უკვე ისარგებლა.