LIVE

Phubber-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

20 აგვ 202113:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1100
Phubber-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

ქართული კომპანია Phubber-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი ჩუგოშვილმა განუცხადა, კომპანია უკვე დარეგისტრირებულია და შემდეგი ნაბიჯი ადგილობრივ საგადასახადო სისტემებთან ინტეგრაცია იქნება, რასაც, სავარაუდოდ, 10 დღე დასჭირდება.

„10 დღეში ან მაქსიმუმ ორ კვირაში უკვე დავდებთ ჩვენი აპლიკაციის იმ ვერსიას, რომელიც მორგებული იქნება უკრაინულ ბაზარს. განსხვავება ქართულ და უკრაინულ ვერსიებს შორის ფაქტობრივად არ იქნება. უბრალოდ გადახდებისა და მიწოდების სისტემა იქნება უკრაინულ ბაზარზე მორგებული. გავყოფთ ასევე კატალოგსაც, სადაც იქნება ქართული და ასევე უკრაინული ბაზრის კატალოგი“,- აცხადებს ჩუგოშვილი.

მისი თქმით, საქმიანობის არეალის გასაზრდელად ინვესტორისგან, რომელიც WhatsApp-ის ერთ-ერთი მეწილე იყო, მოზიდულია $300 ათასი. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა დამატებითი ინვესტიციის მოზიდვაზე.

ჩუგოშვილის შეფასებით, უკრაინის ბაზარი საქართველოსას თითქმის 10-ჯერ აღემატება. გარდა ამისა, ონლაინ კომერციას უკრაინაში უფრო აქტიურად იყენებენ, შესაბამისად, კომერციული თვალსაზრისით, ქართულ კომპანიას უკრაინაში მეტი პერსპექტივა ექნება. მომავალი წლიდან Phubber-ი ცენტრალური აზიის ქვეყნების (ყაზახეთი, უზბეკეთი) და აღმოსავლეთ ევროპის (ბულგარეთი, რუმინეთი) ათვისებასაც გეგმავს.

Phubber-ი მობილური აპლიკაციაა, რომელიც სოციალური მედიისა და შოპინგ პლატფორმის მიქსია. მისი გამოყენებით მომხმარებელს შეუძლია გაყიდოს და იყიდოს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები.

კომპანია ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა და დღეს საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზიაა.