
Blue Origin-ის სარჩელის შემდეგ, NASA-მ 1-ელ ნოემბრამდე შეაჩერა მთვარეზე ადამიანის დასასმელი კოსმოსური ხომალდის მშენებლობა, რომლისთვისაც SpaceX-ს $2.9 მილიარდს უხდის.
Blue Origin–ის განაცხადებით, აშშ-ის მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი აშშ-ის ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში შეიტანა და ის NASA-ს ხომალდის შესყიდვის პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორების მცდელობაა.
საქმეზე მოსმენა 14 ოქტომბერს დაინიშნა.
”მუშაობის დროებითი შეჩერების სანაცვლოდ, ყველა მხარე დათანხმდა, სასამართლო პროცესების დაჩქარებულ გრაფიკს, რომელიც 1-ელ ნოემბერს დასრულდება. NASA-ს ხელმძღვანელი პირები საქმის დეტალების გადამოწმების მიზნით იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობას აგრძელებენ და ამ საკითხის დროულ გადაწყვეტას ელიან",- ნათქვამია NASA-ს განცხადებაში.
აპრილში ცნობილი გახდა, რომ NASA-ს ასტრონავტების მთვარეზე გასაგზავნად ხომალდს ელონ მასკის SpaceX შექმნის. კონტრაქტისთვის ბრძოლაში ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ი და Leidos Holdings-ი დამარცხდნენ. გასულ თვეს ბეზოსმა ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს ხარჯების ასანაზღაურებლად შესთავაზა $2 მილიარდი, იმ პირობით, რომ NASA ასტრონავტების მთვარეზე დასასმელად კოსმოსური ხომალდის აგების კონტრაქტს მის კომპანიას, Blue Origin-ს, გაუფორმებს, თუმცა სააგენტომ მისი წინადადება არ გაიზიარა.
მიმდინარე კვირაში Blue Origin-მა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას უჩივის NASA-ს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც ელონ მასკის SpaceX-ს მთვარეზე დასასმელად კოსმოსური ხომალდის ასაგებად $2.9 მილიარდი გამოეყო. კომპანია მიიჩნევს, რომ ამ შესყიდვის დროს გამოვლენილი პრობლემური საკითხებისა და მისი შედეგების გადახედვა მნიშვნელოვანია სამართლიანობის აღსადგენად, კონკურენტული პირობების შესაქმნელად და ამერიკის მთვარეზე უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველსაყოფად.