LIVE

აშშ საელჩოს პერსონალის უსაფრთხო ევაკუაციისთვის ავღანეთში ჯარს აძლიერებს

15 აგვ 202112:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 3035
აშშ საელჩოს პერსონალის უსაფრთხო ევაკუაციისთვის ავღანეთში ჯარს აძლიერებს
Wakil Kohsar/AFP via Getty Images

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააძლიერა ჯარის ავღანეთში განლაგება, რათა უზრუნველყოს საელჩოს პერსონალისა და ჯარის “მოწესრიგებული და უსაფრთხო შემცირება”, რადგან თალიბანის მებრძოლები აფართოებენ კონტროლს დიდ ქალაქებზე და დედაქალაქ ქაბულისკენ მიიწევენ.

Associated Press-ის ცნობით, თალიბანმა კვირას დაიკავა ქალაქი ჯალალაბადი, ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი. შაბათს გამოცემული ბრძანება ითვალისწინებს დაახლოებით 1000 ამერიკელი პერსონალის დამატებას მიმდინარე კვირაში გამოცხადებული 3000 საზღვაო ქვეითისა და ჯარისკაცის განლაგებაში და 1000 ჯარისკაცის გაადაყვანას დედალაქის აეროპორტსა და საელჩოში. 

მიზანი არის “დავრწმუნდეთ, რომ აშშ-ის პერსონალისა და სხვა მოკავშირე პერსონალის გაყვანა იქნება უსაფრთხო და მოწესრიგებული, ასევე განხორციელდება იმ ავღანელების მოწესრიგებული და უსაფრთხო ევაკუაცია, რომლებიც მისიის დროს ჩვენს ჯარს ეხმარებოდნენ და თალიბანის განსაკუთრებული რისკის წინაშე არიან”, - ნათქვამია ჯო ბაიდენის განცხადებაში. 

თალიბანის მებრძოლებმა სამ კვირაზე ნაკლებ დროში თავბრუდამხვევი სიჩქარით აიღეს ავღანეთის უმეტესი ნაწილი პროვინციის ძირითადი დედაქალაქები. შეტევა გრძელდებოდა შაბათ-კვირას, როგორც ქაბულის მახლობლად, ასევე პაკისტანის მოსაზღვრე შორეულ რეგიონებში. ქვეყნის სოფლის ნახევარზე მეტი ამჟამად თალიბანის კონტროლის ქვეშაა და ბრძოლებმა მიაღწიეს ქალაქ მაიდან შაჰრს, ქაბულიდან სამხრეთ -დასავლეთით დაახლოებით 40 კილომეტრში.

ჯო ბაიდენის განცხადებით, ავღანეთის ლიდერები “ცდილობენ, თავიდან აიცილონ სისხლისღვრა და განახორციელონ პოლიტიკური გადაწყვეტა”. აშშ თალიბანს აფრთხილებს, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ამერიკელ პერსონალს, “მიიღებს სწრაფ და ძლიერ სამხედრო პასუხს”.

“აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობის შენარჩუნება კიდევ ერთი წელი ან ხუთი წელი არაფერს შეცვლის, თუ ავღანეთის სამხედრო ძალებს არ შეუძლიათ ან არ სურთ საკუთარი ქვეყნის კონტროლი. ამერიკის უსასრულო ყოფნა სამოქალაქო კონფლიქტის შუაგულში სხვა ქვეყანაში ჩემთვის მიუღებელია”, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯარის გაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას “შეცდომა” უწოდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა და აღნიშნა, რომ ავღანეთი ხდება წარუმატებელი სახელმწიფო, სადაც ტერორისტულ დაჯგუფებებს, მათ შორის ალ-ქაიდას, შეუძლიათ დაბრუნდნენ და საფრთხე შეუქმნან დასავლეთის ქვეყნებს. ბენ უოლასის თქმით, “წარუმატებელი სახელმწიფოები მთელს მსოფლიოში ქმნიან არასტაბილურობას და საფრთხეს გვიქმნიან ჩვენ და ჩვენს ინტერესებს”, - დასძინა მან და აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს ექნება უფლება დაიცვას თავი, თუ ავღანეთში მის წინააღმდეგ ტერორისტული შეთქმულებები გამოვლინდება.

NATO-ს მოკავშირეებს სურთ ავღანეთში არსებული კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტა და არ აღიარებენ თალიბანის ლეგიტიმაციას, თუ ისინი ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, განაცხადა პარასკევს ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. გენერალური მდივნის განცხადებით, მოკავშირეები “ღრმად შეშფოთებულნი არიან თალიბანის თავდასხმით გამოწვეული ძალადობის მაღალი დონით, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებით, მიზანმიმართული მკვლელობებითა და ადამიანის უფლებების სხვა მძიმე დარღვევებით”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ სინკი