LIVE

ევროპული მარეგულირებელი mRNA ვაქცინების შესაძლო ახალ გვერდით მოვლენებს სწავლობს

14 აგვ 202117:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 8904
ევროპული მარეგულირებელი mRNA ვაქცინების შესაძლო ახალ გვერდით მოვლენებს სწავლობს
REUTERS

ევროპის წამლის მარეგულირებლის (EMA) უსაფრთხოების კომიტეტი mRNA ტექნოლოგიის ვაქცინების შესაძლო ახალ გვერდით მოვლენებს სწავლობს

სააგენტოს ინტერესი Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინებით აცრილი ადამიანების მცირე ჯგუფში გამოვლენილმა სამმა ახალმა მდგომარეობამ გამოიწვია. ესენია კანის ალერგიული რეაქციის ფორმა - მულტიფორმული ერითემა,  გლომერულონეფრიტი ან თირკმლის ანთება და თირკმლის დაავადება - ნეფროზული სინდრომი, ასევე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

მარეგულირებელს შემთხვევების რიცხვზე და სხვა დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ გამოძიებისთვის კომპანიებისგან დამატებითი ინფორმაცია მოითხოვა. ამ ეტაპზე სააგენტოს მოვლენების ვაქცინებთან კავშირი არ დაუდგენია. 

EMA-ს მონაცემებით, ევროპის ეკონომიკურ ზონაში 29 ივლისის მდგომარეობით Moderna-ს ვაქცინის (Spikevax) 43.5 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული. მას ბევრად აღემატება Pfizer/BioNTech-ით ჩატარებული ვაქცინაციის რიცხვი, რომელიც 330 მილიონს აღემატება.

გასულ თვეში, EMA-მ mRNA ვაქცინებსა და გულის იშვიათ ანთებას შორის შესაძლო კავშირი აღმოაჩინა. ამასთან, სააგენტო, ისევე, როგორც “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” ხაზს უსვამენ, რომ ვაქცინების სარგებელი ნებისმიერ რისკს აღემატება.