
დაზვერვის სპეციალისტები Covid-19-ის წარმომავლობასთან დაკავშირებით 90-დღიან გამოძიებას ასრულებენ. მათ უკვე შეადგინეს დასკვნის სამუშაო ვარიანტი, რომელიც ამჟამად გადამოწმების პროცესს გადის.
CNN-ის წყაროების ინფორმაციით, სამთვიანი კვლევის შემდგომ, დაზვერვის თანამშრომლების დასკვნა ცალსახა კვლავ არ არის. მათი აზრი ისევ ორი თეორიისკენ იხრება: ერთი ნაწილი ამბობს, რომ ვირუსი ჩინეთის ქალაქ უჰანის ლაბორატორიაში წარმოიქმნა, მაშინ, როცა მეორე ნაწილი აცხადებს, რომ იგი ცხოველებიდან ადამიანებში ბუნებრივად გავრცელდა.
Covid-19-ის წარმომავლობის შესახებ არსებული განსხვავებული მოსაზრებების გამო, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სააგენტოებს 90 დღეში საკითხის გაორმაგებული ძალისხმევით შესწავლა დაავალა. სააგენტოებისთვის მიცემული სამთვიანი ვადა აგვისტოს ბოლოს იწურება.
გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა, სამუშაო ვერსიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს.
დასკვნა ჩინეთის მონაწილეობის გარეშე შემუშავდა და მას ახლა დაზვერვის სპეციალისტები და სხვა ექსპერტები ამუშავებენ. შეთანხმებული ანგარიშის მომზადებისთანავე, ბაიდენის ადმინისტრაცია გარკვეულ ინფორმაციას საჯაროდ გაავრცელებს.
Covid-19-ის წარმომავლობის შესასწავლად, “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” (WHO) საკუთარი ექსპერტები ჩინეთში მიმდინარე წლის დასაწყისში გააგზავნა. მოგვიანებით ორგანიზაციამ დაასკვნა, რომ ყველაზე სავარაუდო თეორიით, ვირუსი ადამიანებზე ღამურებიდან, დაუზუსტებელი შუამავალი ცხოველის საშუალებით, გავრცელდა.
WHO-ს დასკვნის მიუხედავად, აშშ-ში არაერთი მაღალჩინოსანი და ექსპერტი მიიჩნევს, რომ ახალი კორონავირუსი სწორედ უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა.
ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ WHO COVID-19-ის წარმომავლობის კვლევის სერიას გააგრძელებს.
ჩინეთი ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ ვერსიას უარყოფს. ასევე, არ ადასტურებს, რომ ვირუსის გავრცელების შესახებ ქვეყანამ ინფორმაცია დამალა.