LIVE

რესპუბლიკელების ანგარიში: კორონავირუსმა ლაბორატორიიდან 2019 წლის 12 სექტემბრამდე გაჟონა

02 აგვ 202119:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 2907
რესპუბლიკელების ანგარიში: კორონავირუსმა ლაბორატორიიდან 2019 წლის 12 სექტემბრამდე გაჟონა

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენების ანგარიშით, ახალი კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს

ანგარიშის მიხედვით, არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომ უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის (WIV) მეცნიერები ამერიკელი ექსპერტებისა და ჩინური და ამერიკული ფონდების დახმარებით მუშაობდნენ კორონავირუსების მოდიფიცირებაზე და შესაძლოა, გარკვეული მანიპულაციების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყოს.

“ახლა გვჯერა, რომ დროა, სრულად გამოვრიცხოთ სველი ბაზარი, როგორც ინფიცირების წყარო. მტკიცებულებათა სიუხვე ადასტურებს, რომ ვირუსმა WIV-დან გაჟონა და ეს 2019 წლის 12 სექტემბრამდე მოხდა”, - ნათქვამია ანგარიშში.

წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელმა“ წევრმა მაიკლ მაკკოლმა ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ COVID-19-ის წარმომავლობის დასადგენად ორპარტიული გამოძიება მოითხოვა.  

ჩინეთი ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების შესახებ ვერსიას უარყოფს. ასევე, არ ადასტურებს, რომ ვირუსის გავრცელების შესახებ ქვეყანამ ინფორმაცია დამალა. 

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” (WHO) მიმდინარე წლის დასაწყისში დაასკვნა, რომ ყველაზე სავარაუდო თეორიით, ვირუსი ადამიანებზე ღამურებიდან, დაუზუსტებელი შუამავალი ცხოველის საშუალებით, გავრცელდა. 

Covid-19-ის წარმომავლობის შესახებ არსებული განსხვავებული მოსაზრებების გამო, მიმდინარე წლის მაისის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სადაზვერვო სააგენტოებს 90 დღეში საკითხის გაორმაგებული ძალისხმევით შესწავლა დაავალა