
"COVID-19 ადამიანებში, სავარაუდოდ, ღამურებიდან, შუამავალი ცხოველის მეშვეობით, გავრცელდა",- ეს COVID-19-ის წარმოშობის შესახებ "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა" (WHO) და ჩინეთის ერთობლივი კვლევის ძირითადი მიგნებაა, რომელზეც ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
კორონავირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით, დღემდე ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს. მეცნიერები უამრავ ჰიპოთეზას განიხილავენ, თუმცა WHO-ს ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ლაბორატორიიდან ვირუსის გავრცელება ყველაზე ნაკლებად სანდო ვერსიაა.
კვლევის სამუშაო ვერსია, რომელზეც WHO-სა და ჩინეთის ექსპერტები ერთობლივად მუშაობდნენ, სავარაუდოდ, ხვალ გასაჯაროვდება, თუმცა, როგორც ცნობილია, კვლევა დასრულებული არ არის და ვირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით, კვლავ რამდენიმე ვერსია განიხილება.
კვლევის სანდოობა საზოგადოების მხრიდან ეჭვქვეშ არაერთხელ დადგა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ეჭვი გამოთქვა, რომ ანგარიშის მომზადების პროცესში ჩინეთის მთავრობა ჩაერია. ბრალდებას ჩინეთი უარყოფს.
ცნობისთვის, COVID-19-ის წარმომავლობის შესასწავლად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები ჩინეთში იანვარში ჩავიდნენ. მათ ნაწილს ქვეყანაში შესვლაზე პრობლემები შეექმნა, რის გამოც, WHO-მ ჩინეთი კვლევაში ხელის შეშლაში დაადანაშაულა.