LIVE

Amazon-მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება იანვრამდე გადადო

06 აგვ 202115:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1005
Amazon-მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება იანვრამდე გადადო
Stephanie Foden/Bloomberg Technology

Amazon.com-ის თანამშრომლებს ოფისიდან რეგულარული მუშაობა იანვრამდე არ მოუწევთ. უმსხვილესმა სავაჭრო კომპანიამ ეს გადაწყვეტილება აშშ-ში Covid-19-ის დელტა ვარიანტის გავრცელებასთან დაკავშირებული ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების გამო მიიღო. 

Amazon-ის თანამშრომლები აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არსებულ ოფისებში 7 სექტემბერს უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა კომპანიამ დასაქმებულებს ელექტრონული ფოსტით აცნობა, რომ ეს გეგმა 3 იანვრამდე გადაიდო.  

ამასთან, Amazon-მა შეაჩერა მოთხოვნა თანამშრომლების სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ.

Amazon-ს 75 000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული სიეტლის მხარეში. კომპანიას ძირითადი ოფისები ასევე აქვს სან ფრანცისკოს ყურეში, ნიუ-იორკში, ბოსტონში, ლოს-ანჯელესის მხარეში. მისი ახალი კამპუსი ამჟამად ვაშინგტონის მახლობლად შენდება.

რაც შეეხება აშშ-ის სხვა მსხვილ დამსაქმებლებს, Microsoft-მა, რომლის ოფისი სიეტლში Amazon-ის მეზობლად მდებარეობს, თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება ოქტომბრამდე გადადო. კომპანია გეგმავს, რომ დაბრუნებულ თანამშრომლებსა და ვიზიტორებს ოფისებში შესვლამდე ვაქცინაციის მტკიცებულება მოსთხოვოს.

ოფისში მომუშავე თანამშრომლებისგან Covid-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციას ასევე მოითხოვს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები Google და Facebook-ი.

Google-მა და Apple-მა თანამშრომლების ოფისებში დაბრუნება ოქტომბრამდე გადადეს. Apple-ის განცხადებით, კომპანია ზოგიერთი მაღაზიის თანამშრომლებს, მათ შორის სრულად ვაქცინირებულებს, პირბადეების ტარებას მოსთხოვს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.

Bloomberg-ის ინფორმაციით, თანამშრომლების ოქტომბერში ოფისებში დაბრუნება BlackRock და Wells Fargo & Co-მაც გადადეს.

Bloomeberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეთ დეი