LIVE

შემთხვევების ზრდა თუ გაგრძელდა, მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარმოვადგენთ - გამყრელიძე

03 აგვ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1774
შემთხვევების ზრდა თუ გაგრძელდა, მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარმოვადგენთ - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მათი მთავარი რეკომენდაცია პირბადეების ტარებაზე დაწესებული რეგულაციების მკაცრი კონტროლი იყო. 

მისივე თქმით, თუ ქვეყანაში კორონავირუსის დღიური შემთხვევების მატება ასე გაგრძელდება, NCDC მთავრობას მკაცრი შეზღუდვების დაწესების რეკომენდაციით მიმართავს. 

"ძირითადი გზავნილები, რაც ინტენსიურად იქნა განხილული გახლავთ ის, რომ განსაკუთრებით გამკაცრდეს აღსრულება პირბადის ტარებაზე დახურულ შენობებში. ასევე დაწესდეს პირბადის აუცილებელი ტარების რეკომენდაცია ხუთ ადამიანზე მეტი თუ იკრიბება გარე სივრცეებში. თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს უკვე მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რადგან მის გარეშე ეპიდემიის შეკავება შეუძლებელი იქნება",- აცხადებს გამყრელიძე.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს წინადადებით მიმართა, ნებისმიერი ტიპის შეკრების დროს მხოლოდ სრულად ვაქცინირებული ან/და ტესტირებული პირები დაიშვან.

"ასევე ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, რომ ადამიანები დაშვებულნი იყვნენ მხოლოდ ორჯერადი აცრით ან/და PCRC/სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხით. თუ ყველაფერი ეს და კიდევ რამდენიმე საკითხი, რაც ჩვენს მიერ იყო წარდგენილი შესაბამისად აღსრულებული არ იქნა, მაშინ რა თქმა უნდა, იქნება წინადადებები სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე ქვეყანაში",- აცხადებს გამყრელიძე.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში Covid-19-ით ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 ადამიანი კი გარდაიცვალა. 2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 10.99%-ია.