LIVE

როდის და ვინ მიიღებს იპოთეკურ სუბსიდიას? - პროგრამის დეტალები

02 აგვ 202113:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 1838
როდის და ვინ მიიღებს იპოთეკურ სუბსიდიას? - პროგრამის დეტალები

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების შეძენის ხელშეწყობის პროგრამა განიხილეს. ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის დეტალებზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა გავრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთაც ბავშვი პირველი სექტემბრის შემდგომ ეყოლებათ. 

"ოჯახმა ახალშობილის ყოლის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში შეიძლება მიმართოს ბანკს, აიღოს იპოთეკური სესხი და შეიძინოს ბინა, საცხოვრებელი სახლი. 200 ათასი ლარის ოდენობის სესხი იქნება თანასუბსიდირებული. ამასთან, იმ ოჯახებისთვის, ვისაც შეეძინებათ პირველი ან მეორე შვილი, ბანკის სესხის პროცენტის თანადაფინანსება თითქმის ნახევარი იქნება. პირობითად, დღეს თუ 12%-ში აიღებენ იპოთეკურ სესხს აქედან 6% იქნება სახელმწიფოს მიერ დაფარული, ხოლო თუ საუბარია მესამე, მეოთხე, ყოველ მომდევნო შვილზე, ამ შემთხვევაში თანადაფინანსება გაცილებით მეტია, დაახლოებით 8%. ეს ნიშნავს, რომ ასეთი ოჯახი დაახლოებით 4%-ში აიღებს დღეს იპოთეკურ სესხს",- აცხადებს თურნავა.

სესხის დაფინანსება 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამას გარდა, როგორც თურნავა ამბობს პროგრამის ფარგლებში, სესხის პროცენტის დაფინანსებით ისარგებლებენ ის ოჯახები, რომელთაც სამი ან მეტი შვილი ჰყავთ.

"ვისაც ჰყავს სამი ან მეტი შვილი დღეს, პირველი სექტემბრიდან შეუძლიათ შემდგომი 12 თვის განმავლობაში მიმართონ საბანკო დაწესებულებას, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები, შეიძინონ ახალი საცხოვრებელი ფართი. ესეც დაახლოებით 4%-იანი სესხი იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროგრამა ხელს შეუწყობს ოჯახების კეთილდღეობას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და თითოეული ასეთ ოჯახში ახალმოვლენილი წევრი იქნება არა მხოლოდ დიდი სიხარულის მომტანი, არამედ კონკრეტული პრაქტიკული სიკეთეების მომტანიც" - აცხადებს თურნავა. 

სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდება.