LIVE

10 ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვის პასუხი დელტა ვარიანტის შესახებ

27 ივლ 202121:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1506
10 ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვის პასუხი დელტა ვარიანტის შესახებ
Bloomberg

Covid-19-ის შემთხვევების მატებამ სწრაფად გავრცელებადი დელტა ვარიანტის გაჩენის შემდეგ, უსაფრთხოებისა და შეზღუდვების მოხსნის ტემპის შესახებ კითხვები გააჩინა. Bloomberg Opinion-ის ავტორი, რომელიც ფარმაცევტულ ინდუსტრიას აშუქებს, პასუხობს კითხვებს დელტა ვარიანტისა და მისი პოტენციური საფრთხის შესახებ.

დელტას ვარიანტმა გამოიწვია ზრდა Covid-ის შემთხვევებში, განსაკუთრებით არავაქცინირებულებში, მაგრამ ასევე მათ შორის, ვინც უკვე აიცრა. მართალია, რომ ვაქცინები კარგ დაცვას გვთავაზობს, თუნდაც ამ ვარიანტისგან?

დელტა ვარიანტს აქვს რამდენიმე მახასიათებელი, რაც უფრო მეტ შანსს აძლევს მას ინფიცირება გამოიწვიოს. ეს ნიშნავს, რომ ის გაურბის ანტისხეულების თავდაპირველ ფარს. მიუხედავად ამისა, ვაქცინირებულებს ჯერ კიდევ აქვთ ბევრად დაბალი რისკი მძიმე დაავადების განვითარების, ან თუ ინფიცირება მოხდა, მათი სიმპტომები უფრო სწრაფად წყდება. თუმცა, მოდით არ ვიყოთ ილუზიების ქვეშ, ადამიანები მაინც მოკვდებიან Covid-19-ისგან, ვაქცინირების შემთხვევაშიც კი, მაგრამ გაცილებით ნაკლები რაოდენობით, ვიდრე ვაქცინის გარეშე.

რატომ წარმოადგენს დელტა ასეთ საფრთხეს?

დელტა ვარიანტმა განიცადა გარკვეული მუტაციები, რამაც ის უფრო საზიანო გახადა, ვიდრე მისი მონათესავე შტამები. აქ იგულისხმება, რომ ის უფრო ეფექტურად აინფიცირებს უჯრედებს, ნაწილობრივ იმის გამო, რომ ანტისხეულების გარკვეულწილად აცილება შეუძლია უკვე ინფიცირებულ ან ვაქცინირებულ ადამიანებში. ამასთან, უჯრედებში მოხვედრისას ის უკეთესად მრავლდება. პროცესი ეხმარება ვირუსს, დაიმალოს იმუნური სისტემისგან და უფრო სწრაფად განვითარდეს.

რა რისკებს იწვევს ვაქცინირებულების ინფიცირება?

ვაქცინირებულების ინფიცირება სულაც არ არის გასაკვირი, იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინები არასდროს ყოფილა 100%-ით ეფექტური ინფექციის წინააღმდეგ და ეს ვიცოდით. ვარიანტები ამ ეფექტურობას კიდევ უფრო არღვევს. ვირუსი აინფიცირებს ადამიანებს მათი სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის გავლით. ამ ადგილებში შეიძლება არ არსებობდეს ვაქცინის ანტისხეულები საკმარისად, რაც ვირუსს მცირე საყრდენს აძლევს. თუმცა, მხოლოდ ინფიცირების ფაქტი არ შეიძლება იყოს ვაქცინირებულ პირთა შეშფოთების მიზეზი.

რამდენად მძიმეა ვაქცინირებულთა ინფიცირების შემთხვევები, რომელსაც ვხედავთ? რამდენად შემაშფოთებელია, რომ ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების მქონე მოსახლეობაშიც კი, როგორიცაა ისრაელი და დიდი ბრიტანეთი, ინფიცირების მაჩვენებლები იზრდება?

საბედნიეროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ვაქცინირებულთა ავადობას. ვაქცინების ეფექტურობა მძიმე დაავადებისა და ჰოსპიტალიზაციიის წინააღმდეგ მაინც ძალიან მაღალია, ვარიანტების მიუხედავად.

რამდენად შემაშფოთებელია თუნდაც მსუბუქი ინფიცირების შემთხვევები?

აქ რამდენიმე საკითხია. ერთი ის არის, რომ თუ მსუბუქად ინფიცირდებით, ინფექცია შესაძლოა მაინც გადასცეთ მათ, ვინც არ არის დაცული, თუმცა კვლევების თანახმად, ვაქცინირებულ ადამიანებში გადაცემაც შემცირებულია. ასევე არსებობს ვირუსის ახალი მუტაციის გაჩენის რისკი, რაც საბოლოოდ კიდევ უფრო ზრდის ვაქცინირებული ადამიანებისთვის რისკს. თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ვირუსს საკმარისი დრო არ დარჩა ახალი მუტაციებისთვის. ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა, აქვთ თუ არა ვაქცინირებულებს, რომლებიც მსუბუქი ფორმით დაავადდებიან, ხანგრძლივი Covid-ის განვითარების რისკი. ეს არის რისკი, რომელსაც მე ვხედავ.

ვაქცინირებული ადამიანის დაინფიცირების რისკი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ვაქცინითაა აცრილი?

მონაცემების თანახმად, mRNA ვაქცინები უკეთესია ვიდრე ეგრეთ წოდებული ადენოვირუსული ვაქცინები, როგორიცაა AstraZeneca და Johnson & Johnson. რეალური მონაცემები, რომელშიც შედარებულია ვაქცინირებული და არავაქცინირებული ადამიანების შესაბამისი ჯგუფები, ჯერჯერობით აჩვენებს, რომ Pfizer-BioNTech ვაქცინას აქვს უფრო მაღალი ეფექტურობა დელტასთან მსუბუქი ინფექციის პრევენციაში, ვიდრე AstraZeneca-ს ვაქცინას. მონაცემები ეყრდნობა დიდი ბრიტანეთის კვლევას, თუმცა Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის ეფექტურობა უფრო დაბალი ჩანს ისრაელში. ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო მეტი დეტალი იმის შესაფასებლად, თუ რატომ არის განსხვავება დიდ ბრიტანეთსა და ისრაელს შორის.

რა სახის სიფრთხილის ზომები უნდა მიიღოს სრულად ვაქცინირებულმა ადამიანმა, იმის გათვალისწინებით, რომ დელტა ვარიანტი საფრთხეს წარმოადგენს?

შემიძლია გითხრათ მე რას ვაკეთებ. საზოგადოებრივ ადგილებში გასვლისას ორი ნიღაბი მიკეთია. რესტორნებში დღემდე არ ვიყენებ შიდა სივრცეს და ვერიდები ბარებსა და პაბებს. მაქსიმალურად ვერიდები ხალხმრავალ ადგილებს.

ბევრმა ხანდაზმულმა მიიღო ვაქცინა პირველმა. უნდა ვიფიქროთ თუ არა ვაქცინის ეფექტურობის ვადაზე და წარმოადგენს თუ არა დელტა ვარიანტის არსებობა უფრო მეტ რისკს ამ დემოგრაფიისთვის?

ჩვენ ვიცით, რომ mRNA ვაქცინები თანაბრად ეფექტური იყო ვირუსის წინა ვერსიების მიმართ, ასაკის მიუხედავად. მათ ასევე მოახდინეს დაავადების სერიოზული ფორმის პრევენცია. რაც არ ვიცით, არის ის, თუ როგორ მოქმედებს დელტა ხანდაზმულ ადამიანებში და როგორ ვითარდება მათი იმუნიტეტი დროთა განმავლობაში. ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, სანამ ამას გავიგებთ.

დროა დავიწყოთ ბუსტერების გაკეთება დელტას წინააღმდეგ?

მე ვფიქრობ, რომ ამისათვის მზად უნდა ვიყოთ, დიახ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მსუბუქი ინფიცირების მაჩვენებლების საფუძველზე ვაგრძელებთ ჩვენი ცხოვრების მართვას.

რაც შეეხება ბავშვებს?

12 წელზე მცირე ასაკის ბავშვები რთული საკითხია. გავრცელებული აღქმა, რომ მათ არ უფიქსირდებათ დაავადების რთული შემთხვევები, გარკვეულწილად მართალია. მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს პრობლემა, რომელსაც უწოდებენ მულტისისტემურ ანთებით სინდრომს (MIS-C). პრობლემა ისაა, რომ ბავშვებისთვის რისკის გაზომვის თვალსაზრისით, მონაცემების დიდი ნაწილი ეყრდნობა იმ პერიოდს, როდესაც მოსახლეობა ლოქდაუნის პირობებში ცხოვრობდა და ბავშვები სახლიდან იღებდნენ განათლებას. ასევე, არ არსებობდა დელტა. ასე რომ, ჩვენ მნიშვნელოვანი რისკის წინაშე დავდგებით, როდესაც სექტემბერში ბავშვები დაბრუნდებიან სკოლაში, ხშირად ნიღბების გარეშე. შემდეგ ჩვენ გვაქვს რესპირატორული სინციციალური ვირუსის (RSV) შემთხვევების ზრდის პრობლემა, რომელიც ბოლო 12-18 თვის განმავლობაში ნიღბების ტარებითა და ლოქდაუნებით ჩახშობილი იყო. RSV ჩვეულებრივ არის მწვავე რესპირატორული ჰოსპიტალიზაციის ძირითადი მიზეზი ჩვილებში და მცირეწლოვან ბავშვებში, ასევე მოხუცებში. ახალშობილთა უმეტესობა იბადება დამცავი ანტისხეულებით, რომლებსაც დედა მათ გადასცემს, მაგრამ ეს ასე არ იქნება ბოლოდროინდელი ახალშობილებისთვის. რისკს წარმოადგენს ის, რომ ბავშვებს ერთდროულად შეხვდებათ RSV და Covid-19. ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, რას ნიშნავს ეს ჯანმრთელობის შედეგების მხრივ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სემ ფაზელი