LIVE

თურნავა: სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საინვესტიციო გარემოს მაღალ დონეზე აფასებს

22 ივლ 202114:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 658
თურნავა: სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საინვესტიციო გარემოს მაღალ დონეზე აფასებს

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სასიხარულოა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიშში "ძალიან მაღალ დონეზეა" შეფასებული საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო.

მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ანგარიშში საკმაოდ დიდი ნაწილი დაეთმო ბიზნესის მხარდამჭერ სამთავრობო პროგრამებს

„ხაზი გაესვა ახალ პროგრამებს, მათ შორის, FDI გრანტებს, რომელიც სულ ახლახანს არის შემოღებული იმისთვის, რომ უცხოელმა ინვესტორებმა არა მარტო ინვესტიცია განახორციელონ, არამედ გადაამზადონ ადგილობრივი მოსახლეობა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაასაქმონ.

ანგარიშში ასევე ხაზი გაესვა იმ რეფორმებს, რომელთაც ჩვენ ვახორციელებთ. მათ შორის, წიაღისეულის სექტორის რეფორმას, ახალ პროგრამას „100 წიაღისეული“ - მასში მონაწილეობა ინვესტორებს ელექტრონული აუქციონებით შეუძლიათ, აგრეთვე საპრივატიზებო გადაწყვეტილებებს, მათ შორის, დიდ კამპანიას „100 საინვესტიციო შეთავაზებას“, როდესაც პარალელური აუქციონები მიმდინარეობს, ასევე სხვა პროგრამებს, რომლებიც „აწარმოე საქართველოში“ ქოლგის ქვეშ ხორციელდება. ანგარიშის თანახმად, ყველა ეს პროგრამა იმ გადაწყვეტილებებთან ერთად, რომლებიც ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა მიიღო, ხელს უწყობს საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებას და ძალიან მაღალ მიმზიდველობას მატებს ყველა იმ დარგს, სადაც უცხოელ ინვესტორს თავისი კაპიტალის დაბანდება შეუძლია“,- განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში აღნიშნულია, რომ მზარდია ინვესტორების უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ. სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და მასზე პოლიტიკური გავლენა კვლავ პრობლემურია.