LIVE

Sinovac-ის ვაქცინამ ჩილეში 66%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

08 ივლ 202114:42
3 წუთის საკითხავი
clock clock 640
Sinovac-ის ვაქცინამ ჩილეში 66%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

ჩილეში რეალურ პირობებში ორი ვაქცინის, Sinovac Biotech-ის და Pfizer/BioNTech-ის ვაქცინების ეფექტიანობა გაზომეს და ერთმანეთს შეადარეს. კვლევის მიხედვით, შემდეგი მონაცემები გამოიკვეთა:

ვაქცინის ეფექტიანობა - Sinovac-ი 65.9%, Pfizer-ი 92.6%

ჰოსპიტალიზაციის პრევენცია - Sinovac-ი 87.5%,  Pfizer-ი 95.1%

რეანიმაციის პრევენცია - Sinovac-ი 90.3%,  Pfizer-ი 96.2%

სიკვდილისგან დაცვა - Sinovac-ი 86.3%,  Pfizer-ი 91.0% 

ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევიდან ვიგებთ, რომ ჩინური ინაქტივირებული ვაქცინა ორი დოზით აცრილ 10 მილიონზე მეტ ჩილელს გაუკეთდა, mRNA ვაქცინა კი ნახევარ მილიონზე ნაკლებს.

დაკვირვება აჩვენებს, რომ Sinovac-ს ვაქცინა Pfizer-თან შედარებით, ნაკლებად ეფექტიანია, თუმცა ის ჰოსპიტალიზაციისგან, რეანიმაციის საჭიროებისგან და გარდაცვალებისგან მნიშვნელოვნად იცავს.

კვლევა ჩილეში თებერვლიდან მაისამდე პერიოდში ჩატარდა. ამ დროს ქვეყანაში ვირუსის ალფა და გამა შტამები დომინირებდა.

აპრილში გამოქვეყნებული კვლევის პირველადი მონაცემებით, Sinovac-ის სიმპტომური Covid-19 ინფექციებისგან პრევენციის მაჩვენებელი 67% იყო, ხოლო გარდაცვალებისგან 80%-იან დაცვას აჩვენებდა.

მკვლევრები ასკვნიან, რომ Sinovac-ი, რომელზეც ჩილეს იმუნიზაციის უდიდესი წილი მოდის, Covid-19-ისგან, მათ შორის, მძიმე დაავადებისგან ეფექტიან დაცვას უზრუნველყოფს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი