LIVE

ვალი მშპ-თან 54.6%-მდე შემცირდება - მთავრობის განახლებული პროგნოზები

05 ივლ 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 575
ვალი მშპ-თან 54.6%-მდე შემცირდება - მთავრობის განახლებული პროგნოზები

მთავრობა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის და აკორექტირებს 2021 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლებსაც შემოსავლების, დეფიციტისა და ვალის მიმართულებით. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან 54.6%-მდე შემცირდება.

"აპრილიდან ჩვენ გვაქვს საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი ეკონომიკაში, რაც გამოიხატა ეკონომიკის ყველა პარამეტრში. ეს არის ფულადი გადმორიცხვების ზრდა, საწარმოთა ბრუნვების ზრდა. აპრილში დაფიქსირდა 45%-მდე ზრდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ხოლო ხუთი თვის ზრდა დაფიქსირდა ორნიშნა დონეზე 11.5% ოდენობით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები. ცვლილებები ხორციელდება ძირითადად სამი მიმართულებით: ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობა და კოვიდის მართვა და მასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ღონისძიებები. ახალი პროექტით დეფიციტი მცირდება 7.6%-დან 6.9%-მდე და საგარეო ვალის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან 60%-დან მცირდება 54.6%-მდე",- აცხადებს ხუციშვილი. 

მინისტრის განცხადებით, ბიუჯეტის ხარჯები 1.1 მილიარდი ლარით იზრდება და 19.5 მილიარდი ლარი იქნება.