LIVE

ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი - თემურ ჭყონია კრიშტიანუ რონალდუს აკრიტიკებს

16 ივნ 202120:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 19145
ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი - თემურ ჭყონია კრიშტიანუ რონალდუს აკრიტიკებს

"კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დამფუძნებელი, თემურ ჭყონია პორტუგალიელი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს საქციელს აკრიტიკებს, რომლითაც მან საჯაროდ თქვა უარი "კოკა-კოლაზე" წყლის სასარგებლოდ.

რონალდუმ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში, პორტუგალია-უნგრეთის მატჩამდე, ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე, მის წინ განთავსებული "კოკა-კოლას" ორი ბოთლი დემონსტრაციულად გასწია, სანაცვლოდ კი წყალი აიღო და პორტუგალიურ ენაზე წარმოთქვა "Agua", რითაც დამსწრე საზოგადოებას მიანიშნა, რომ წყალი უნდა დალიონ. ამ ჟესტის შემდეგ, ჩემპიონატის ოფიციალური სპონსორის, "კოკა-კოლას" აქციებზე ფასი 1.6%-ით დაეცა $55-მდე და სამშაბათს მისი საბაზრო ღირებულება დაახლოებით $4 მილიარდით იყო შემცირებული. თუმცა, Bloomberg-ის თანახმად, ეს ვარდნა შესაბამისობაში იყო S&P500-ის ინდექსის კლებასთან, რომელიც 500 უმსხვილესი ამერიკული საჯარო კომპანიის აქციებს აერთიანებს. ოთხშაბათ დილით "კოკა-კოლას" აქციები ნიუ იორკში 0.7%-ით შემცირებულ ფასად ივაჭრებოდა.

"ვითომ რაღაც გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო. ჯერ ერთი, უწესობაა მაშინ, როცა მთელი ჩემპიონატის სპონსორია "კოკა-კოლა". მეორეც, არაერთი ცნობილი ადამიანი, მათ შორის ელვის პრესლი უკეთებდა რეკლამას "კოკა-კოლას" და ვინ არის რონალდუ ელვის პრესლისთან? ნული. მისი დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ და ახლა დამთავრებულია მისი საქმე ჩემს თვალში. ვითომ მაგარია. მაგასაც ვნახავთ, ჩემპიონატი რომ დამთავრდება, როგორი მაგარია",- განაცხადა თემურ ჭყონიამ, რომელიც "კოკა-კოლასა" და "მაკდონალდსის" ფრანჩაიზს ფლობს, "ბიზნეს ფორმულასთან" საუბარში.

მას შემდეგ, რაც რონალდუს საქციელის ამსახველმა 30-წამიანმა ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა, ჩემპიონატის ორგანიზატორმა UEFA-მ განმარტა, რომ ფეხბურთელებს პრესკონფერენციაზე "კოკა-კოლასა" და "კოკა-კოლა ზეროს" გარდა, წყალსაც ახვედრებენ, რათა მოერგონ მათ გემოვნებას. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ქცევა გაიმეორა "მანჩესტერ იუნაიტედის" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, პოლ პოგბამაც, როცა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე არაალკოჰოლური "ჰეინეკენის" ბოთლი გადადო მაგიდიდან.