LIVE

ჩინეთი G7-ის განცხადებას გმობს და ცილისწამების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

14 ივნ 202115:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 511
ჩინეთი G7-ის განცხადებას გმობს და ცილისწამების შეწყვეტისკენ მოუწოდებს
REUTERS/Thomas Peter/File Photo

ჩინეთი დიდი შვიდეულის განცხადებას გმობს, კრიტიკას ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევას უწოდებს და ჯგუფს ცილისწამების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. 

G7-ის ლიდერებმა ჩინეთი რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში, სინძიანში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულეს, მოუწოდეს კომუნისტურ ხელისუფლებას, შეინარჩუნოს ჰონგ-კონგის ავტონომიის მაღალი ხარისხი და ხაზი გაუსვეს მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ტაივანის სრუტეზე. ეს საკითხები ძალიან მგრძნობიარეა პეკინისთვის.

დიდ ბრიტანეთში ჩინეთის საელჩომ განაცხადა, რომ სასტიკად და კატეგორიულად ეწინააღმდეგება სინძიანის, ჰონგ-კონგისა და ტაივანის ხსენებას “გარკვეული ქვეყნების ბოროტი განზრახვების შესაბამისად”. საელჩო ასევე აცხადებს, რომ Covid-19-ის პანდემიის პირობებში საერთაშორისო საზოგადოებას სჭირდება ერთიანობა და თანამშრომლობა და არა ძალაუფლებაზე დამყარებული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნებს ყოფს. საელჩოს განცხადებით, ჩინეთი არის მშვიდობისმოყვარე ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს თანამშრომლობას, მაგრამ ასევე აქვს წითელი ხაზები.

“მტკიცედ დავიცავთ ეროვნულ სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, განვითარების ინტერესებს და შევეწინააღმდეგებით ჩინეთისთვის დაკისრებულ ყველა სახის უსამართლობას და დარღვევებს”,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ G7-ის განცხადება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ლიდერები შეიკრიბნენ ჩინეთის წინააღმდეგ “დაპირისპირებისა და კონკურენციის” აუცილებლობის გამო, მათ წინაშეა მრავალფეროვანი გამოწვევები, დემოკრატიის დაცვიდან დაწყებული, ტექნოლოგიური შეჯიბრით დამთავრებული.