სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების 2017-2018 წლების დაფინანსების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა, რის შედეგადაც არაერთი დარღვევა გამოვლინდა.
როგორც აუდიტის დასკვნიდან ირკვევა, სახელფასო დანამატი ძირითადად გაიცემოდა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებზე და 2017 წელს მერიასა და გამგეობებში დანამატის მიმღებთა ვინაობა წინასწარ იყო განსაზღვრული. ამასთან, 2017 წელს შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობამ 14-ჯერ, ხოლო 2018 წელს 11-ჯერ გადააჭარბა რეკომენდებულ რაოდენობას.
აუდიტის სამსახური მერიის ავტოპარკის რაოდენობასთან დაკავშირებული ნაკლოვანებებზეც მიუთითებს. მერიასა და გამგეობებში 2017 და 2018 წლებში სამორიგეო ავტომობილების საერთო რაოდენობამ წლების მიხედვით 9 და 10-ჯერ გადააჭარბა რეკომენდებულ რაოდენობებს. ამასთან, ავტომობილების შესყიდვასთან დაკავშირებით მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები ძირითადად უკონკურენტო გარემოში ტარდებოდა.
2017-2018 წლებში გამოვლინდა ავტომობილებში ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავის ჩასხმისა და თბილისის გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 1.310 შემთხვევა, რა დროსაც ჩასხმულია 100.7 ათასი ლარის ღირებულების 51.6 ათასი ლიტრი საწვავი.
აუდიტის მიგნებების გათვალისწინებით, "ბიზნეს ფორმულა" დაინტერესდა გადაიგზავნა თუ არა საგამოძიებო ორგანოში აღნიშნული ანგარიში. უწყებაში ადასტურებენ, რომ დასკვნა შემდგომი შესწავლის მიზნით, პროკურატურას გადაეგზავნა.