
Ryanair Holdings-მა მოიგო სასამართლო პროცესი, სადაც ის პანდემიის გამო, კონკურენტისთვის გაწეული ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით დავობდა. ამჯერად საუბარია გერმანულ ავიაკომპანია Condor-ზე, რომელმაც გერმანიის მთავრობისგან 550 მილიონი ევრო ($670 მილიონი) მიიღო.
ევროკავშირის სასამართლომ, რომელიც ბლოკის მეორე უმაღლესი ტრიბუნალია, განაცხადა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ღონისძიების დამტკიცებისთვის არაადეკვატური იყო. თუმცა “Covid-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით”, მოსამართლეებმა თანხის უკან დაბრუნების საკითხი დროებით, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერეს.
გერმანული ავიაკომპანიის უდიდესი წილი კომპანია Attestor-მა გასულ თვეს შეიძინა, რითაც იხსნა კომპანია, რომელიც პანდემიას მთავრობის მხარდაჭერით გადაურჩა.
Ryanair-მა მთავრობების მიერ ავიაკომპანიებისთვის პანდემიის გამო გაწეული დახმარების 20-ზე მეტი შემთხვევა გაასაჩივრა. მათ შორის მოხვდა Lufthansa-სა და Air France-KLM-ს საქმეები.
ირლანდიური ბიუჯეტური კომპანია Ryanair-ი ამტკიცებს, რომ შერჩეული კომპანიებისთვის გაწეული Covid-19-თან დაკავშირებული ფინანსური დახმარება უთანასწორო გარემოს ქმნის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფანი ბოდონი