აშშ-ის სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების ფართო პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის შესაძლებლობების გაუმჯობესებას ჩინურ ტექნოლოგიებთან კონკურენციისთვის.
კანონი ითვალისწინებს დაახლოებით $190 მილიარდის დაფინანსებას აშშ-ში ტექნოლოგიის განვითარებისა და კვლევის ხელშესაწყობად, $54 მილიარდს ნახევარგამტარებსა და სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობაში წარმოებისა და კვლევების გასაზრდელად, მათ შორის $2 მილიარდს, რომელიც ავტომობილების მიერ გამოყენებულ ჩიპებს მოხმარდება.
კანონპროექტი ასევე კრძალავს სამთავრობო მოწყობილობებზე TikTok-ის ჩამოტვირთვას, ჩინეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი კომპანიების მიერ წარმოებული და გაყიდული დრონების შეძენას. კანონი საშუალებას მისცემს დიპლომატებსა და ტაივანელ სამხედროებს, აჩვენონ თავიანთი დროშა და ატარონ ფორმები შეერთებულ შტატებში ყოფნის დროს.
კანონი ითვალისწინებს ახალ სავალდებულო სანქციებს ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ კიბერშეტევაში ან აშშ-ის ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაში, ასევე საქონლის საექსპორტო კონტროლის გადახედვას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანის უფლებების დარღვევის ხელშესაწყობად.
კანონპროექტი მიზნად ისახავს პეკინის მზარდ გლობალურ გავლენასთან დაპირისპირებას დიპლომატიის, მოკავშირეებთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში აშშ-ის მონაწილეობის გაზრდით.
კანონპროექტი ახლა წარმომადგენელთა პალატას გადაეცემა, ძალაში შესვლისთვის კი მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დენიელ ფლეტლი