არჩილ გაჩეჩილაძე: საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილურია

08 ივნ 202114:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 119

საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილურია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ფუნქციონირებისა და აღდგენისთვის,- ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ Newsweek-თან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის თანახმად, საბანკო სექტორს საქართველოს ეკონომიკურ ტრანსფორმაციაში ცენტრალური როლი აქვს, ვინაიდან ქმნის ზრდის შესაძლებლობას, მხარს უჭერს კერძო სექტორისა და ტექნოლოგიების განვითარებას. Newsweek-ი წერს, რომ ამ თვალსაზრისით, „საქართველოს ბანკის“, როგორც დომინანტი ფინანსური ინსტიტუტის როლი გამორჩეულია, რამდენადაც მისი საბაზრო წილი სესხებსა და დეპოზიტებში 35-40%-ს აღწევს, ემსახურება 2.3 მილიონ ფიზიკურ პირს და 233,000 ბიზნეს სუბიექტს. ბანკის საკრედიტო პორტფელის ორი მესამედი საცალო სეგმენტზე მოდის, მათ შორის მიკრო და მცირე ბიზნესზე, დანარჩენი ნაწილი კი - კორპორატიულ კლიენტებზე.

„ორი ძირითადი მოთამაშით წარმოდგენილი საბანკო სისტემის მდგრადობა და სანდოობა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში დადასტურდა. „საქართველოს ბანკი“ საჯარო კომპანიაა, ინსტიტუციური ინვესტორების ძლიერი ბაზით. ჩვენ ლიდერები ვართ აქციონერების ინტერესების დაცვის თვალსაზრისით გასული 20 წლის განმავლობაში, რადგან უზრუნველვყოფთ გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებს და კორპორატიული მართვის სამაგალითო პრაქტიკას, რაც უნიკალურია ამ რეგიონისთვის. ვგეგმავთ, მეტად ვფოკუსირდეთ გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობის საკითხებზე. ასევე ვგეგმავთ კვლავ მოწინავე პოზიციაზე დავრჩეთ იმის სადემონსტრაციოდ, თუ როგორ კეთდება ბიზნესი საქართველოში,“- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

Newsweek-ი ბანკის წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად კლიენტებზე, აქციონერებსა და თანამშრომლებზე ორიენტირებულ პოლიტიკას ასახელებს, რაც ასევე მოიცავს უკუკავშირს როგორც კლიენტების, ისე თანამშრომლების მხრიდან.

ბანკის წინსვლაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ციფრული მიმართულების გაძლიერება. სამომავლოდაც, „საქართველოს ბანკი“ გეგმავს ფეხდაფეხ მიჰყვეს ახალ ტექნოლოგიებს.

„ეს ტექნოლოგიების ერაა და სწორედ ჩვენი სისწრაფე, ინოვაციების დანერგვის კულტურა გვხდის განსაკუთრებულს. გაციფრულება და მონაცემები ცვლის ბიზნესს. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენი ციფრული და მონაცემების ანალიტიკის მიმართულებით, ვაუმჯობესებთ ციფრულ პლატფორმებს იმისთვის, რომ უნაკლო გამოცდილება და უფრო პერსონალიზებული პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენს კლიენტებს. 2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ 760,000-მდე აქტიური ციფრული მომხმარებელი გვყავდა, რაც წლიურად 33.6%-იანი ზრდაა. ჩვენი ონლაინ გადახდების ბრენდი ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანია, ხოლო მობაილ ბანკის აპლიკაციით ჩვენ სოლიდური საფუძველი ჩავუყარეთ მომავლის ბანკინგს“,- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკის“ დირექტორმა Newsweek-თან ეკონომიკურ მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ელის ზრდას იმ სექტორებში, რომლებიც პანდემიამ ყველაზე მეტად აზარალა. მათ შორის, საცალო ვაჭრობის, მცირე, საშუალო და მიკრო მეწარმეობის, ასევე თვითდასაქმებულების მიმართულებით. ამასთან, „საქართველოს ბანკი“ ადასტურებს მზაობას მხარი დაუჭიროს ეკონომიკური ზრდის პოსტ-პანდემიურ ეტაპს და ქვეყანაში ინვესტირებით დაინტერესებულ კომპანიებს.

„რამდენადაც ჩვენ ვინარჩუნებთ თავისუფალ სავაჭრო რეჟიმებს, დაბალ გადასახადებს და გამჭვირვალობას, საქართველო შეძლებს გააგრძელოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ვინაიდან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე დაეწევა აღმოსავლეთ ევროპის მაჩვენებელს, ჩვენ ამას ვნახავთ. ეს ინვესტორებისთვის შანსია რომ ჩამოვიდნენ და გახდნენ ამ პროცესის ნაწილი. საქართველო შეიძლება იყოს საბაზისო წერტილი რეგიონის მასშტაბით ბიზნესის საწარმოებლად. აქ ბევრი ბიზნეს მიმართულების განვითარება და აღორძინება შეიძლება“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.