LIVE

საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებაზე NATO-ში კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არის

08 ივნ 202111:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 2317
საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებაზე NATO-ში კონსენსუსი ჯერ კიდევ არ არის

NATO-ში ჯერ კიდევ არ არსებობს კონსენსუსი საქართველოსა და უკრაინისთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხზე. ეს განცხადება ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩეა ჯოანომ ვირტუალურ კონფერენციაზე გააკეთა. 

კითხვაზე, თუ რა პერსპექტივა აქვთ უკრაინასა და საქართველოს, ჯოანომ განაცხადა: “ღია კარის პოლიტიკა მყარია, ის აქ არის და რეალურია. ერთი კვირის შემდეგ ჩვენი ლიდერები დაადასტურებენ ღია კარის პოლიტიკის არსებობას. ასევე, ჩვენ ვართ 30 ქვეყნის ორგანიზაცია, რომლებიც კონსენსუსის პრინციპით ვმუშაობთ. ასე რომ, სანამ რაიმე ერთ გადაწყვეტილებაზე შევჯერდებით, საჭიროა კონსენსუსი და დღეს ამ საკითხზე კონსენსუსი არ გვაქვს”.

უკრაინისა და საქართველოს შანსებზე საუბრის დროს მირჩეა ჯოანომ საკუთარი ქვეყნის, რუმინეთის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ კომუნიზმის დაცემის შემდეგ მათ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება დაისახეს მიზნად, თუმცა ამის იმედს ბევრი არ აძლევდა. ჯოანოს თქმით, რუმინეთი არ იყო მიწვეული ვაშინგტონში 1999 წელს, წევრობის მოლაპარაკებების პირველი რაუნდზე.

“ამ სამიტის იმდენად დიდი იმედი გვქონდა, რომ როდესაც მიზანს ვერ მივაღწიეთ, ქვეყნის შიგნით კომუნიკაციის სერიოზულ პრობლემასთან გამკლავება მოგვიხდა. ახლა კი მოგმართავთ, როგორც ახალი წევრი ქვეყნებიდან პირველი ლიდერი, რომელსაც ალიანსში ამდენად დიდი პოზიცია უკავია. შიდა რეფორმების განხორციელება არა ამა თუ იმ ორგანიზაციაში მოხვედრის, არამედ საკუთარი ხალხისთვის და ინვესტიციების ჩადება დასავლურ მისწრაფებებში - მხოლოდ ეს არის წინსვლის გზა, რაც შედეგს მოიტანს”,- განაცხადა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ.

თუმცა, მირჩეა ჯოანომ ხაზი გაუსვა, რომ NATO არ მიიღებს გავლენის სფეროების განაწილების “ძველ ევროპულ წყევლას”, როდესაც რომელიმე ძალა განსაზღვრავდა სხვა ევროპული ქვეყნის ბედს.