ვიდეოების გაზიარების ჩინურ აპლიკაცია TikTok-ს ევროკავშირის მარეგულირებლები და მომხმარებელთა უფლებების დამცველები ბავშვების მონაცემების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად ერთთვიან ვადას აძლევენ.
“აკრძალულია ბავშვებთან და არასრულწლოვნებთან გამოყენებული იყოს ფარული რეკლამა როგორიცაა ვიდეორგოლებში განთავსებული ბანერები”, - ამბობს იუსტიციის კომისარი დიდიე რეინდერი.
მისი თქმით, ევროკავშირმა მომხმარებლების უფლებების დაცვის ეროვნულ ორგანიზაციებთან ერთად დაიწყო ოფიციალური დიალოგი იმისთვის, რომ TikTok-მა ევროკავშირის მომხმარებელთა დაცვის წესების დაცვა შეძლოს. ამ პროცესს შვედური და ირლანდიური ორგანიზაციები უხელმძღვანელებენ.
უკვე რამდენიმე თვეა ევროკავშირი თვალს ადევნებს, თუ როგორ ამუშავებს TikTok-ის მფლობელი კომპანია ByteDance ბავშვების მონაცემებს. დეკემბრიდან მასზე ზედამხედველობას ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისია ახორციელებს.
TikTok Europe-ის საჯარო პოლიტიკის დირექტორმა კეროლაინ გრირმა აღნიშნა, რომ აპლიკაციამ “არაერთი ნაბიჯი გადადგა ახალგაზრდა მომხმარებლების დასაცავად”. ამის მაგალითად, კომპანიის წარმომადგენელმა 16 წლამდე მოზარდებისთვის პირადი მიმოწერისა და 18 წლამდე მომხმარებლებისთვის ვირტუალური საჩუქრების შეძენის აკრძალვა და რეკლამასთან დაკავშირებული შეზღუდვები დაასახელა.
ევროკავშირის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი გახდა მიმდინარე წლის დასაწყისში ევროპელი მომხმარებლების დაცვის ჯგუფის BEUC-ს საჩივრები, რომელთა მიხედვით, აპლიკაცია მომხმარებელთა უფლებებს "მასშტაბურად" არღვევს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეფანი ბოდონი