აშშ-ის მთავრობამ და ჩინურმა კორპორაცია Xiaomi-მ შეთანხმებას მიაღწიეს, გაუქმებულიყო ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში დაწესებული აკრძალვა, რომლის თანახმადაც იზღუდებოდა ამერიკული ინვესტიციები ჩინურ სმარტფონების მწარმოებელ კომპანიაში.
ჩინეთის სმარტფონების გიგანტმა აშშ-ის მთავრობას ამ წლის დასაწყისში უჩივლა, მას შემდეგ, რაც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეთაურობით ბრძანება გამოსცა, რომ ფირმა კომუნისტური ჩინეთის სამხედრო კომპანია იყო. ამ გზით Xiaomi აღარ დაილისტებოდა აშშ-ის ბირჟებზე და ამოიშლებოდა გლობალური საფონდო ინდექსებიდან. სასამართლო პროცესის შედეგად, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი დათანხმდა ამ დათქმის გაუქმებაზე.
Xiaomi, რომელიც სმარტფონების გარდა ამზადებს მტვერსასრუტებს, ელექტრო ველოსიპედებსა და სატარებელ მოწყობილობებს მოულოდნელი სამიზნე იყო ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ის 2010 წელს შეიქმნა და მისი ერთ-ერთი ადრეული ინვესტორი აშშ-ის ჩიპების მწარმოებელი კომპანია Qualcomm იყო. კომპანია სულ ამტკიცებდა, რომ მას არ ფლობს და არ აკონტროლებს ჩინეთის სამხედრო სექტორი.
შეთანხმება მას შემდეგ შედგა, რაც მარტში აშშ-ის სასამართლომ მხარი დაუჭირა Xiaomi-ის სარჩელს და დროებით შეაჩერა აკრძალვა. აშშ-ის საოლქო მოსამართლემ, რუდოლფ კონტერასმა განაცხადა, რომ Xiaomi მოიგებდა აკრძალვის სრულად შეცვლას და გამოაქვეყნა პირველი ბრძანება, რათა კომპანიას არ განეცადა "გამოუსწორებელი ზიანი".
ეს შეთანხმება იშვიათი გამარჯვებაა ჩინეთის ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, იმ ფონზე, როდესაც აშშ და ჩინეთი მკვეთრად უპირისპირდებიან ერთმანეთს მრავალ სხვადასხვა სფეროში, როგორებიცაა: ვაჭრობა, ადამიანის უფლებები და ჰონგ-კონგის მმართველობა. ოფიციალურ პეკინზე ზეწოლის გაძლიერების მიზნით, გასული წლის ნოემბერში, ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რითაც იკრძალება ამერიკული ინვესტიციები ჩინურ ფირმებში, რომლებსაც ფლობენ ან აკონტროლებენ სამხედროები. Xiaomi-ს წინააღმდეგ ბრძანება ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო დღეებში გამოიცა.
ამასთან, ტრამპმა შეზღუდვები დააწესა TikTok-ის მფლობელი კომპანიის ByteDance-ს და Tencent Holdings-ს წინააღმდეგ, რომელიც ფლობს WeChat-ის სუპერ აპლიკაციას. ყველაზე მეტად დაზარალდა Huawei Technologies, რომელსაც აეკრძალა ამერიკული წარმოების კომპონენტების შეძენა და ინფრასტრუქტურული პროექტებს გამოეთიშა მთელ მსოფლიოში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის მიხედვით