LIVE

უკრაინა პრორუს პოლიტიკოსს სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებს

11 მაი 202122:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 608
უკრაინა პრორუს პოლიტიკოსს სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებს
Alexei Nicolsky/EPA

უკრაინის გენერალური პროკურორი კრემლის მოკავშირე პოლიტიკოსს, ვიქტორ მედვედჩუკს სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებს და მის დაკავებას აპირებს.

მედვედჩუკი, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკავშირე, ასევე ეჭვმიტანილია რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე ეროვნული რესურსების გაფლანგვის მცდელობაში.

სახელმწიფო ღალატის საქმემდე იყო უშიშროების საბჭოს მიერ დაწესებული სანქციები. კერძოდ, ეთერიდან დაიბლოკა სამი ტელეარხი, რომელთა უკან ვიქტორ მედვედჩუკი იდგა.

პრორუსი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მოქმედებს აშშ-ის სანქციებიც, რომელიც მას უკრაინის სuვერენიტეტის შელახვის გამო დაუწესდა. ის პრორუსული ოპოზიციური პლატფორმის, For Life-ის ლიდერია, რომელიც 2014 წელს მაიდნის სისხლიანი მოვლენების დროს ვიქტორ იანკოვიჩს უჭერდა მხარს. 

ვიქტორ მედვედჩუკი თანაგუნდელებთან ერთად აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების პირობას დებს, თუმცა მოითხოვს საკონსტიტუციო შესწორების მიღებას სეპარატისტული რეგიონებისთვის, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, დაბლოკონ ეროვნული მიზნები ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შესახებ.

ვიქტორ მედვედჩუკის პარტია პროკურატურის მოქმედებას “პოლიტიკურ რეპრესიასა” და “შურისძიებას” უწოდებს, რადგან “ხელისუფლებამ დაინახა, რომ ხალხის უმრავლესობა მის იდეებს უჭერს მხარს”.

პროკურატურა სახელმწიფოს ღალატში მედვედჩუკის პარტიის კიდევ ერთ წევრს, ტარას კოზაკს ადანაშაულებს. კოზაკი, სავარაუდოდ, რუსეთშია, მედვედჩუკი კი უკრაინაში, თუმცა მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

“კრემლის წითელი ხაზები გადაიკვეთა, რადგან მედვედჩუკი მოსკოვში განიხილება, როგორც ერთ-ერთი პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს პოტენციალი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გააუმჯობესოს.

რა თქმა უნდა, მოსკოვის მხრიდან იქნება მკაცრი განცხადებები, მაგრამ არანაირი სანქციები ან დიპლომატიური ქმედებები, რადგან მედვედჩუკი არ არის რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი”,- ამბობს ალექსეი ჩესნაკოვი, კრემლის ყოფილი მაღალჩინოსანი და მრჩეველი უკრაინის საკითხებში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კატერინა ჩურსინა და დარინა კრასნოლოცკაია