LIVE

ინდოეთი COVID-19-ის შემთხვევების პიკს მაისის შუა რიცხვებში ელოდება

09 მაი 202117:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 814
ინდოეთი COVID-19-ის შემთხვევების პიკს მაისის შუა რიცხვებში ელოდება
Anindito Mukherjee/Bloomberg

ინდოეთი კორონავირუსის შემთხვევების პიკს უახლოეს რამდენიმე დღეში ელოდება. ასეთია პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის მრჩევლების მიერ მომზადებული მათემატიკური მოდელის პროგნოზი, თუმცა გამორიცხული არ არის, ის, გასული თვის მსგავსად, არასწორი აღმოჩნდეს.  

ექსპერტთა ჯგუფის პროგნოზით, არსებული მონაცემებით, ივნისის ბოლოსთვის ქვეყანას დღეში დაახლოებით 20 000 ახალი შემთხვევა ექნება.

ინდოეთში დღეს ინფიცირების 403 736 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ზედიზედ მეორე დღეა გარდაცვლილთა რიცხვი 4000-ს აჭარბებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ კრემატორეიუმებისა და საავადმყოფოების გადატვირთვულობიდან გამომდინარე, რეალურად გარდაცვლილი კიდევ უფრო მეტია.

ინფექციის შესაჩერებლად, ინდოეთის შტატების უმრავლესობაში მოქმედებს მკაცრი შეზღუდვები გადაადგილებაზე, დახურულია კინო-თეატრები, პაბები, რესტორნები და სავაჭრო მოლები.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დელიში მოქმედი "ლოქდაუნი" 17 მაისამდე გახანგრძლივდა და ამასთან, გამკაცრდა არსებული შეზღუდვები. დაკეტილი რჩება რესტორნები და სავაჭრო ცენტრები. დაწესებულებები, რომელთა დისტანციური მუშაობა შესაძლებელია, თანამშრომლებს სახლიდან ამუშავებს, მეტრო დროებით მუშაობას წყვეტს.

ოპოზიცია და ჯანდაცვის ექსპერტები ითხოვენ, რომ ქვეყნის მასშტაბით დაწესდეს "ლოქდაუნი", ისეთი, როგორიც გასულ წელს, პირველი ტალღის დროს მოქმედებდა. 

მეცნიერები თანხმდებიან, რომ ინდოეთისთვის უახლოესი რამდენიმე კვირა განსაკუთრებით რთული იქნება. ბანგალორის ინდური სამეცნიერო ინსტიტუტის გუნდმა მათემატიკური მოდელის გამოყენებით, იწინასწარმეტყველა, რომ თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, 11 ივნისისთვის გარდაცვლილთა რიცხვი დაახლოებით 404 000-ს მიაღწევს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალ კორონავირუსს 242 362 ადამიანი ემსხვერპლა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ბუმა შრივასტავა და ჟანეტ როდრიგესი