LIVE

ჩინეთი გლობალური ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ძალა იქნება

07 აპრ 202117:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1517
ჩინეთი გლობალური ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ძალა იქნება
LA Business Journal

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის" პროგნოზით, მომდევნო წლებში ჩინეთი გლობალური ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ძალა იქნება.

Bloomberg-ის გამოთვლებით, რომელიც სავალუტო ფონდის პროგნოზს ეფუძნება, 2026 წლამდე, ჩინეთის წვლილი მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) ზრდაში ერთ-მეხუთედს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ ამავე პერიოდში,  გლობალური GDP გაიზრდება 28 ტრილიონი დოლარით და მიაღწევს 122 ტრილიონ დოლარს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მსოფლიო ეკონომიკა 2.8 ტრილიონი დოლარით შემცირდა. 

შემდგომ 5 წელში, აშშ და ინდოეთი მეორე და მესამე ადგილებს დაიკავებენ მსოფლიო ეკონომიკის ზრდაში კონტრიბუციის მხრივ, ხოლო ხუთეულში იქნებიან იაპონია და გერმანია.

 

IMF-ის პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს, გლობალური ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება და 2026 წლისთვის ზრდა შემცირდება 3%-მდე. მოსალოდნელია, რომ გლობალური ზრდა არათანაბრად იქნება განაწილებული, სადაც განვითარებად ეკონომიკებს მეტი დანაკარგი ექნებათ და ეკონომიკური რეაბილიტაციაც უფრო ნელა წარიმართება.

მაღალია იმის ალბათობა, რომ პანდემიის გამო, შემოსავლების უთანასწორობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. 2020 წელს 95 მილიონი ადამიანი დაემატა უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებს.

საგულისხმოა, რომ აშშ-ის ეკონომიკა, მოსალოდნელზე უფრო სწრაფი ტემპით ახერხებს აღდგენას. ის ერთადერთი დიდი ეკონომიკაა, რომელსაც GDP-ის პანდემიამდელ პროგნოზზე მეტი ზრდა ექნება 2022 წლისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექსანდრე ტანზი